მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
დღევანდელი ვითარება ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვა სერიოზული შედეგებით, მათ შორის დიდი ან ძალიან დიდი ქალაქების ევაკუაციის აუცილებლობით, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
გროსიმ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბირთვული დიპლომატია რთულია, მაგრამ არასდროს – შეუძლებელი.
„ყველა ჩვენგანი შეშფოთებით აკვირდება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ სამხედრო თავდასხმებს. რეგიონული უსაფრთხოების მონიტორინგის ქსელი მზადყოფნაშია და ჩვენთან მუდმივ კავშირშია. ამ დრომდე ირანის მეზობელ ქვეყნებში რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ირანს და რეგიონის სხვა მრავალ ქვეყანას, რომლებიც სამხედრო თავდასხმების ობიექტი გახდნენ, აქვთ მოქმედი ატომური ელექტროსადგურები და ბირთვული კვლევითი რეაქტორები, ასევე მათთან დაკავშირებული საწვავის შესანახი ადგილები, რაც ზრდის ბირთვული უსაფრთხოების საფრთხეს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოთხი მოქმედი ბირთვული რეაქტორია; იორდანიასა და სირიაში მოქმედებს ბირთვული კვლევითი რეაქტორები. ასევე, თავდასხმის ობიექტებია ბაჰრეინი, ერაყი, ქუვეითი, ომანი, კატარი და საუდის არაბეთი. ყველა ეს ქვეყანა იყენებს რაიმე სახის ბირთვულ საშუალებას. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახის სამხედრო ოპერაციისას თავის შეკავებას. გრძელვადიან პერსპექტივაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება და გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმის უწყვეტი ეფექტურობა შენარჩუნდება, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიასა და მოლაპარაკებებს“, – აღნიშნა გროსიმ.
მისივე თქმით, სააგენტო მონიტორინგს გააგრძელებს და ინფორმაციას გაავრცელებს მიმდინარე სამხედრო ოპერაციის რადიოლოგიური შედეგების შესახებ.
„ასევე ვინარჩუნებთ მზადყოფნას, დავეხმაროთ წევრ ქვეყნებს ბირთვული საფრთხის შემთხვევაში“, – განაცხადა გროსიმ.
„დიპლომატია რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი, ბირთვული დიპლომატია კიდევ უფრო რთულია, მაგრამ არასდროს – შეუძლებელი. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით დიპლომატიის მაგიდას, აქ საკითხი არ არის – „თუ“, საკითხია – „როდის“, და ეს უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება სწრაფად. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ატომური ენერგიის სააგენტო თანამშრომლობს თავის წევრ სახელმწიფოებთან და აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას. ამავდროულად, მზად არის, დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, თუ ბირთვული უსაფრთხოების დარღვევა მოხდება“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.
ცნობისთვის, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანებული არ არის.
„არ არსებობს მინიშნება, რომ რომელიმე ბირთვული დანადგარი, მათ შორის ბუშერის ატომური ელექტროსადგური, თეირანის კვლევითი რეაქტორი ან სხვა ბირთვული საწვავი ციკლი ირანში დაზიანდა ან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“, – აცხადებს რაფაელ გროსი.