ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

აეროპორტი

ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა. ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში სარადარო სისტემამ „მნიშვნელოვანი“ დაზიანება მიიღო რამდენიმე დრონით თავდასხმის შედეგად.

ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყანაზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პარალელურად, ომანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სალალის მთავარ პორტზე ირანის დრონის თავდასხმის შედეგად უცხოელი მუშა დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ორი დრონი პორტის ტერიტორიაზე ჩავარდა, რომელიც ომანის უკიდურეს სამხრეთში, იემენთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. თავდასხმამ მცირე ზიანი მიაყენა ამწეს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აბუ დაბიში ინდოეთის ხუთი მოქალაქე დაშავდა „ნამსხვრევების ცვენის შედეგად“, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბალისტიკური რაკეტის წარმატებით განეიტრალებას მოჰყვა. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ დაახლოებით 20 000 მეზღვაური ზღვაშია ჩარჩენილი.