1747034530
„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაშლისა და განიარაღების შესახებ გამოაცხადა - reuters

„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაშლისა და განიარაღების შესახებ გამოაცხადა. „როიტერის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება ჯგუფთან დაახლოებული მედია ორგანიზაციის Firat News Agency-ისგან გახდა ცნობილი.
როგორც მანამდე, 9 მაისს, „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ განაცხადა, კვირის დასაწყისში ჩატარებულ შეკრებაზე „ისტორიული“ გადაწყვეტილებები მიიღო. მედიისთვის კი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ მათ დაშლასა და განიარაღებას ეხება.
27 თებერვალს ქურთების პარტიის ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა, რომელიც 1999 წლის შემდეგ თურქეთის ციხეში იმყოფება, თავის მომხრეებს განიარაღებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. პირველ მარტს ქურთისტანის მუშათა პარტიამ გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა დაამატა პირობები, მათ შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა.
როგორც მედიისთვისაა ცნობილი, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ შეკრება 5-7 მაისს ჩრდილოეთ ერაყში, ორ ადგილას ჩატარდა. ჯგუფი 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ აჯანყებას, რომელმაც ათიათასობით სიცოცხლე შეიწირა. ის ტერორისტულ გაერთიანებად არის გამოცხადებული თურქეთისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ.