„ქარიშხალი სანაპიროს მოადგა... თითქოს ინგრეოდა ყველაფერი“ - ფლორიდაში მყოფი ქართველი

ფლორიდა

აშშ-ში, ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. სტიქიისთვის შტატში რამდენიმე დღე ემზადებოდნენ. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნებოდა ბოლო წლების განმავლობაში.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.

გამოცემის ცნობით, შერიფის ოფისს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“.

„მილტონს აქვს პოტენციალი იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, - განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა.

ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი.

ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.

ფლორიდაში მყოფი ქართველი, თაზო კუპრეიშვილი უახლეს ცნობებს გვაწვდის:

„ტამპაში ახლა 00:20 საათია. 4 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ქარიშხალი ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს მოადგა. სამი საათის განმავლობაში გარეთ თითქოს ინგრეოდა ყველაფერი, ასეთი შეგრძნება იყო. ახლაც გადაუღებლად წვიმს, თუმცა ქარი შესუსტდა და წვიმამაც იკლო. ალბათ, დილამდე ყველაფერი მორჩება.
დასუსტებული მილტონი მეორე კატეგორიის სიმძლავრის ქარიშხლის სტატუსით ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიდის.

ტამპასა და მიმდებარე ქალაქებში უშუქოდაა დარჩენილი 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი. საბედნიეროდ, ჩვენთან შუქი არ ჩამქრალა. შეიძლება ითქვას, ჩვენთვის ყველაფერმამშვიდად და უმტკივნეულოდ ჩაიარა. თუ როგორ დააზიანა ქარიშხალმა რეგიონი, დილას გვეცოდინება.

უკვე ისე მიწყნარდა, რომ მშვიდად დაძინება შეიძლება.მადლობა ყველას ყურადღებისა და ემოციური მხარდაჭერისთვის“,- წერს თაზო კუპრეიშვილი.