პუტინმა და ფეზეშქიანმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ირანსა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ შეთანხმებას ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საფუძვლებისა და თანამშრომლობის პრინციპების შესახებ, რომელსაც ჯერ კიდევ 2001 წელს მოეწერა ხელი.

ახალი შეთანხმების შემუშავებაზე მხარეები 2022 წლიდან მუშაობდნენ.

ვლადიმერ პუტინმა გაფორმებულ შეთანხმებას უწოდა გარღვევა ორი ქვეყნისა და მთელი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის. პუტინმა ირანის ლიდერთან მოლაპარაკებები მეგობრულად და კონსტრუქციულად შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსკოვისა და თეირანის პოზიციები საგარეო პოლიტიკური საკითხების უმეტესობაზე თანხვედრაშია.