1785095778
„ემოციები განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა...“ - 29 ივლისის სავსემთვარეობა მერწყულში - ასტროლოგის პროგნოზი
ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი 29 ივლისის სავსემთვარეობის შესახებ ვრცლად გვიყვება:
„29 ივლისს, თბილისის დროით 18:36 საათზე, სავსემთვარეობაა მერწყულის 6°30′ გრადუსზე.
ამ დღეს ერთდროულად მოქმედებს წლის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური და ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურ- ტრანსფორმაციული ასტროლოგიური კონფიგურაცია.
ერთი მხრივ, ეს ლუნაცია დიდი შესაძლებლობების, ზრდის ენერგიას ატარებს. ლომის ზოდიაქოში მზე ზუსტ შეერთებაშია იუპიტერთან, რაც ხშირად ახალ პერსპექტივებს, გაფართოებას, ოპტიმიზმსა და საკუთარი პოტენციალის უფრო თამამად გამოვლენას უკავშირდება.
თუმცა ამ სავსემთვარეობის მთავარი ტონი მაინც პლუტონს ეკუთვნის. მთვარე მერწყულში პლუტონს უერთდება და სწორედ ეს შეერთება მთელ ლუნაციას ღრმა, ინტენსიურ და ტრანსფორმაციულ ხასიათს აძლევს. მზე-იუპიტერის გაფართოების ენერგიამ შესაძლოა პლუტონის მიერ წამოწეული პროცესებიც კიდევ უფრო გააძლიეროს. უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს ძალაუფლების, კონტროლის, თავისუფლების, დამოკიდებულებებისა და ღრმა ცვლილებების თემები.
ამ სავსემთვარეობის მთავარი თემა ლომისა და მერწყულის ღერძს შორის ბალანსის პოვნაა.
ლომისთვის მთავარი ინდივიდუალობა, შემოქმედებითობა და საკუთარი უნიკალურობის გამოვლენაა. მისთვის სამყაროს ცენტრში კონკრეტული ადამიანია.
მერწყული კი მიილტვის საერთო ღირებულებების შექმნისკენ, პროგრესი და მომავლის ხედვაა მისთვის მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ პირადი წარმატება, არამედ ის, თუ როგორ აისახება თითოეული ადამიანის არჩევანი გარემოსა და საზოგადოებაზე. არც ერთი ჩვენთაგანი არ არსებობს იზოლირებულად და სწორედ ამიტომ პირადსა და კოლექტიურს შორის ბალანსის პოვნა მერწყულის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
სწორედ ამ მიმართულებით გვიბიძგებს პლუტონის ენერგია ტრანსფორმაციისკენ.
სავსემთვარეობა ყოველთვის დასრულების, შედეგების დანახვისა და გაცნობიერების ეტაპია. თუ ამ დღეებში ემოციები განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა ან გარკვეული თემები მოულოდნელად აქტიურდება, ეს ამ ასტროლოგიური კონფიგურაციის ბუნებრივი ნაწილია. ასეთ დროს სასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ემოციების პიკზე არ მივიღოთ და ყველა პროცესის კონტროლიც არ ვეცადოთ.
ამ სავსემთვარეობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ისიც, რომ ის აგვისტოს დაბნელებების სეზონის წინ დგება. სულ რამდენიმე კვირაში დაბნელებების დერეფანი გაიხსნება, ხოლო მთვარის კვანძები ლომი-მერწყულის ღერძზე გადაინაცვლებენ. ეს სავსემთვარეობა უკვე გვაჩვენებს იმ თემებს, რომლებიც მომდევნო დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში როგორც პირად, ისე კოლექტიურ დონეზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. დიდი ალბათობით, ის საკითხები, რომლებიც ახლა იჩენს თავს, უახლოეს თვეებში კიდევ არაერთხელ დაგვიბრუნდება.
ვისზე აისახება უფრო მეტად?
ამ ენერგიას შედარებით უფრო ჰარმონიულად იგრძნობენ სასწორები, ტყუპები, ვერძები და მშვილდოსნები, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები 4°–9° ფარგლებში მდებარეობს.
უფრო ინტენსიური პერიოდი შეიძლება ჰქონდეთ მერწყულებსა და ლომებს, რომელთა პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ამ გრადუსებში მდებარეობს.
ასევე, გამოწვევებით შეიძლება იყოს სავსე ეს პერიოდი მორიელებისა და კუროებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კონფიგურაცია მათ პირად რუკაში მნიშვნელოვან წერტილებს ეხება“,- წერს ასტროლოგი.











