პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ არ შეუძლია ომში გამარჯვება - კიტ კელოგი

კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ არ შეუძლია ომში გამარჯვება. ამის შესახებ კიტ კელოგმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.

„ვფიქრობ, სავარაუდოდ, გულის სიღრმეში რუსეთის პრეზიდენტი ხვდება, რომ მას არ შეუძლია ამ ომში გამარჯვება. ეს მისთვის არის ბრძოლა, რომლის მოგებაც შეუძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არ მოხდება“, – განაცხადა კელოგმა.

„გარდიანის“ ცნობით, ვარშავის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კელოგმა ასევე ისაუბრა, NATO-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეში რუსული დრონებისა და თვითმფრინავების შეჭრის შესახებ და თქვა, რომ „სამხედრო კუთხით ასეთ სიტუაციებზე რეაგირებისას ხანდახან საჭიროა რისკის დონის გაზრდა“.

მან ამის მაგალითად მოიყვანა 2015 წელს თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის დამრღვევი თვითმფრინავის ჩამოგდება.

„სამხედრო თვალსაზრისით, მე ვიტყოდი, რომ ხანდახან ასეთ სიტუაციებზე რეაგირებისთვის საჭიროა რისკის დონის გაზრდა. მე მოგიყვანთ კარგ მაგალითს. რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს, რუსეთი შეიჭრა თურქეთის საჰაერო სივრცეში. რა გააკეთეს თურქებმა? მათ ჩამოაგდეს თვითმფრინავი. კარგი, ეს ძალიან სწრაფად მიმართავს ყურადღებას თქვენკენ, ასეა ხომ? აი, რა მაქვს მხედველობაში, როდესაც ვსაუბრობ რისკების დონის გაზრდაზე. მე ვიცი რომ ეს სახიფათოა. ეს მესმის, მაგრამ ხანდახან აუცილებელია ჰკითხოთ თქვენს თავს, საით მიდიხართ?“, – განაცხადა კელოგმა.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს მიზანშეწონილად მიაჩნია უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით დარტყმების განხორციელება.