ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
1785334985
პოლონეთში სამართალდამცველებმა ვარშავასთან ახლოს მცხოვრები 63 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეროვნულ ნიადაგზე საჯარო შეურაცხყოფა და მუქარა ედება ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკრაინელ მეზობლებს რეგულარულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყენებდა უცენზურო ლექსიკას და სიძულვილის შემცველ გამონათქვამებს მათი ეროვნების გამო.
ერთ-ერთი ინციდენტისას მამაკაცი ერთ-ერთ დაზარალებულს დაემუქრა. პოლიციის ცნობით, უკრაინის 25 წლის მოქალაქე იძულებული გახდა, თავის დასაცავად საკუთარ ავტომობილში დამალულიყო. როგორც მედია წერს, დაზარალებულმა მომხდარი ტელეფონით გადაიღო, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 63 წლის მამაკაცს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რაც შეეხება პოლონეთში რამდენიმე დღის წინ უკრაინელ წყვილზე თავდასხმას, ვროცლავის სასამართლომ ბრალდებულებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, 20 წლის უკრაინელ ქალსა და 21 წლის უკრაინელ მამაკაცს რამდენიმე პოლონელი მამაკაცი მას შემდეგ დაესხა თავს, რაც მათი უკრაინული აქცენტი გაიგეს. პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, კიდევ ერთი სავარაუდო თავდამსხმელი ამ დრომდე იძებნება.
პროკურატურამ მათ ბრალი წაუყენა თავდასხმასა და ეროვნული ნიშნით მოტივირებულ ძალადობაში. გარდა ამისა, ერთ-ერთ ეჭვმიტანილს ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულისთვისაც. აღნიშნული დანაშაული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს იყო კონფლიქტი, რომელსაც ეროვნებასთან კავშირი არ ჰქონია.