ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
1769787975
პოლონეთში 50 წლის მამაკაცი დააკავეს ციფრული განვითარების მინისტრის, კშიშტოფ გავკოვსკის წინააღმდეგ ონლაინ მუქარისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც ვროცლავის პროკურატურის პროკურორმა, კაროლინა სტოცკა-მიცეკმა განაცხადა, 50 წლის მამაკაცი ვროცლავში დააკავეს. ოპერაციაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
კშიშტოფ კ.-ს სამი დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. იანვრის შუა რიცხვებში მამაკაცი სიკვდილით ემუქრებოდა მინისტრს. პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცმა მინისტრის ერთ-ერთი პოსტის ქვეშ დაწერა, რომ მას „ცოცხლად დაწვავდა“.
კომენტარის წაკითხვა შესაძლებელი იყო პოსტის ქვეშ, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებას ეხებოდა. გავკოვსკიმ პოსტში განაცხადა, რომ „ეს არის უფლება, რომელიც ჩვენ უნდა და გვსურს, რომ ავამოქმედოთ“.
პროკურორმა მამაკაცს ასევე ბრალი დასდო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ უკანონო შენახვაში, რომლებიც დაკავებისას მის ბინაში აღმოაჩინეს. მას ასევე ეჭვმიტანილად მიიჩნევენ ფეთქებადი ნივთიერებების დამზადებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 50 წლის მამაკაცს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.