პოლონეთის სეიმის სპიკერი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის კიევისგან ვოლინის მოვლენების გენოციდად აღიარებას ითხოვს

ვლოძიმეჟ ჩაჟასტი

პოლონეთის სეიმის სპიკერი ვლოძიმეჟ ჩაჟასტი აცხადებს, რომ ის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს მას შემდეგ დაუჭერს, რაც უკრაინა ისტორიის ყველა ასპექტზე დაფიქრდება და კიევს მოუწოდებს, ვოლინის მოვლენები გენოციდად აღიაროს.

„ევროკავშირი დემოკრატია და ღირებულებებია. ის მხოლოდ ბანკომატი არ არის. ეს ასევე ნიშნავს გენოციდისთვის თავისი სახელის დარქმევას. ეს ისტორიაა და ვერცერთი ერი ვერ გაექცევა თავის ისტორიას“, – განაცხადა პოლონეთის სეიმის სპიკერმა.

პოლონელმა მაღალჩინოსანმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის არსებულ დაძაბულობაზე. მისი თქმით, ხალხი, რომელსაც ერთმანეთი ოთხი წლის წინ უყვარდა, ახლა პოლონეთში ჩხუბობს.

„ეს კარგს არაფერს გამოიწვევს. მე ვგმობ როგორც პოლონელების მხრიდან უკრიანელების, ასევე უკრაინელების მხრიდან პოლონელების მიმართ არასათანადო მოპყრობის ყველა ფორმას“, – განაცხადა პოლონეთის სეიმის სპიკერმა.

„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინისა და პოლონეთის პარლამენტებს შორის საკომუნიკაციო არხი უნდა არსებობდეს. არცერთი სიტუაცია არ არის იმდენად მძიმე, რომ გამოსავალი არ არსებობდეს. ჩვენ ურთიერთნდობა უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა პოლონეთის სეიმის სპიკერმა.

ცნობისთვის, ვოლინის ტრაგედიის გამო ბოლო პერიოდში პოლონელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის ურთიერთობა რამდენჯერმე დაიძაბა. ამას მოჰყვა შემთხვევები, როცა პოლონეთში უკრაინის მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვოლინის ტრაგედია, რომელსაც სხვაგვარად „ვოლინის ხოცვას“ უწოდებენ, 1943-1944 წლებში მოხდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, უკრაინის აჯანყებულთა არმიამ ეთნიკური პოლონელები დახოცა. 2016 წელს პოლონეთის სენატმა ეს მოვლენა გენოციდად აღიარა.