პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან, ლუბლინის რეგიონში, დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სამინისტრო მომხდარს კიდევ ერთ განზრახ პროვოკაციად მიიჩნევს, რაც შეესაბამება რუსეთის ფედერაციის მიერ პოლონეთის და სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების პრაქტიკას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსული მხარის ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, ინფრასტრუქტურას და საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება რუსული მხარისგან ითხოვს ახსნა-განმარტებას ინციდენტთან დაკავშირებით, კერძოდ, პოლონეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის გარემოებებსა და მიზეზებთან დაკავშირებით.

უპილოტო საფრენი აპარატი პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში 20 აგვისტოს ღამით სიმინდის ყანაში ჩამოვარდა. მოგვიანებით, ლუბლინის რეგიონის პროკურორმა, გჟეგოჟ ტრუსევიჩმა განაცხადა, რომ დრონი სავარაუდოდ პოლონეთის საჰაერო სივრცეში ბელარუსის მხრიდან შეფრინდა.