რუმინეთში, რეალითი შოუს ვარსკვლავი შვილის თვალწინ მოკლეს
1748979865
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრის გამართვას ითხოვს, – ამის შესახებ დონალდ ტუსკმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ტუსკის თქმით, ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუმცა პირველი იქნება პარლამენტისთვის მოთხოვნა, რომ კენჭისყრა ჩატარდეს მთავრობის მიმართ ნდობაზე.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საპრეზიდენტო არჩევნებში ნავროცკის გამარჯვების შესახებ.
„კონსტიტუციისა და ჩვენი საკუთარი სინდისის შესაბამისად, ჩვენ ვითანამშრომლებთ ახალ პრეზიდენტთან ყველგან, სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელი იქნება. ვიცი, რომ ეს შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე ბევრი თქვენგანი ფიქრობდა, როცა ხმის მისაცემად მიდიოდა, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის ჩემს განზრახვასა და ნებას, ვიმოქმედო იმ ყველაფრის დასაცავად, რისიც ერთად გვჯერა“, – თქვა ტუსკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რთულია იმის განსაზღვრა, რა დამოკიდებულებები ექნება ახალ პრეზიდენტს რიგი საკითხების მიმართ.
„ის თუ მზაობას გამოიჩენს თანამშრომლობისთვის, ეს იქნება დადებითი სიურპრიზი, რომელსაც სრული ღიაობით ვუპასუხებთ. ჩვენ წარვადგენთ მზა კანონპროექტებს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს იმ დროსაც კი, როცა პრეზიდენტი დაბლოკავს ცვლილებებს. ამის გამოცდილება უკვე გაქვს“, – თქვა ტუსკმა.
შეგახსენებთ,რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 50.9 პროცენტი აიღო. მან მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი დაამარცხა, რომელმაც 49.1 პროცენტი მიიღო.