პოლონეთი ნატოს სთხოვს, უკრაინის თავზე რუსული რაკეტები ჩამოაგდოს - Bloomberg

ფოტო

პოლონეთმა ნატოს მოკავშირეებს რუსული რაკეტების უკრაინის საჰაერო სივრცეში ჩამოგდების შესაძლებლობის განხილვა სთხოვა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საუბარია იმ რაკეტებზე, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების მიმართულებით მიფრინავენ. ვარშავამ ეს ინიციატივა მას შემდეგ წამოაყენა, რაც გასულ კვირას პოლონეთის ტერიტორიაზე სამი რუსული საფრენი ობიექტი ჩამოვარდა.

Bloomberg-ის ცნობით, პოლონეთმა ინიციატივა 23 ნოემბერს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე განსახილველად წარადგინა. საკითხთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, ზოგიერთმა ქვეყანამ წინადადებას მხარი დაუჭირა, თუმცა მსჯელობა წინასწარი იყო და გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

გამოცემის ცნობით, ინიციატივა სადავოა, რადგან ის ნატოს თავდაცვითი მოქმედებების უკრაინის ტერიტორიაზე გავრცელებას გულისხმობს, რაც ალიანსის ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების რისკის წინაშე დააყენებს.

შეხვედრის შემდეგ ნატომ პოლონეთში ადრეული საჰაერო გაფრთხილებისა და მართვის სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავის განთავსების შესახებ განაცხადა. მისი ამოცანა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მონიტორინგი იქნება. ალიანსი ასევე განიხილავს პოლონეთში დამატებითი რესურსების გაგზავნას.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა 25 ნოემბერს პოლონური რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატოს საჰაერო სივრცეში შესვლამდე რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხზე მოკავშირეებს შორის მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს.

„ეს საკითხი ახლა არ წამოჭრილა. მასზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. თუმცა, ჩემი აზრით, ერთი ქვეყანა ამას აშკარად ვერ შეძლებს“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მოკავშირეებს შორის ამ საკითხის განხილვის მზაობა გაიზარდა, თუმცა მოქმედებისთვის საჭირო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ასეთი ოპერაციისთვის საჭირო რესურსები ბრიუსელის შეხვედრაზე დეტალურად არ განხილულა. ინიციატივის განხორციელება, სავარაუდოდ, კიევისგან რაკეტების შესახებ წინასწარი გაფრთხილებების მიწოდებასა და ნატოსთვის უკრაინის საჰაერო სივრცეზე წვდომის უზრუნველყოფას მოითხოვდა. ამასთან, გადაწყვეტილების მისაღებად ალიანსის ყველა წევრის თანხმობა და ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის კოორდინაციაც იქნება საჭირო. წყაროების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოკავშირეებს შორის ასეთი ერთსულოვნება არ არსებობს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის საზოგადოებრივ რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცისკენ მოძრავი რაკეტა ან დრონი პოლონეთისთვის უკვე პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

„ვფიქრობ, უკრაინის მოთხოვნით, უკრაინის თავზე რაკეტის ჩამოგდება თავდაცვის ცნების ფარგლებში მოექცეოდა“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

სააგენტოს წყაროები კი აფრთხილებენ, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ნატო კონფლიქტის მხარედ აქციოს. აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ოფიციალური პირის განცხადებით, ალიანსი ცდილობს არ გადაკვეთოს ის ზღვარი, რომელიც რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს.

✕