პოლონეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც კვლავაც ყიდულობენ რუსულ ენერგორესურსებს, მოუწოდებს, შეწყვიტონ იმპორტი 2026 წლის ბოლომდე

Politico: ჩეხეთი რუსული ნავთობის შეძენით სარგებელს ნახულობს

პოლონეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც კვლავაც ყიდულობენ რუსულ ენერგორესურსებს, მოუწოდებს, შეწყვიტონ იმპორტი 2026 წლის ბოლომდე. ამის შესახებ პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრმა, მილოშ მოტიკამ განაცხადა.

ევროკომისიამ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის დაჩქარებაზე იმსჯელა, რაც ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ გახდა აქტუალური.

ევროკავშირი მანამდე რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვების 2028 წლის 1-ელი იანვრისთვის შეწყვეტას გეგმავდა, თუმცა პოლონელი მინისტრის თქმით, ეს ორი წლით ადრე უნდა მოხდეს, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორიცაა რუსული უპილოტო საფრენი აპარატის შეღწევა პოლონეთის ტერიტორიაზე გასულ კვირას.

„მოგიწოდებთ, შევთანხმდეთ საერთო მიზანზე, რომ სრულად შევწყვიტოთ რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი 2026 წლის ბოლომდე“, - დაწერა მოტიკამ ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებისთვის გაგზავნილ მიმართვაში.

„ასეთი გადაწყვეტილება გააძლიერებს ჩვენი ქმედებების თანმიმდევრულობას, დაადგენს მკაფიო დროს და აჩვენებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლები გავხდეთ ნავთობის მარაგებისგან, რაც პოლიტიკურ და სტრატეგიულ რისკებს შეიცავს“, - აღნიშნა მან.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსული ნავთობის იმპორტის უმეტესობას, მაგრამ არა გაზს, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, რომლებიც რუსეთიდან მილსადენებით მარაგდებიან და მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ.