ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს, – ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ევროპული მთავრობები ზეწოლას ახდენენ ევროკავშირზე მომლაპარაკებლის დანიშვნისთვის, რადგან ეშინიათ, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან შეთანხმებას მათ ზურგს უკან მიიღებს.
„პოლიტიკო“ სამ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ გეგმის მომხრეებმა, მათ შორის საფრანგეთმა და იტალიამ, უკვე მოიპოვეს მხარდაჭერა ევროკომისიაში. მათი აზრით, ევროპას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, შეინარჩუნოს თავისი „წითელი ხაზები“, თუ ევროკავშირს ექნება ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ბოლო კვირების განმავლობაში გაერთიანდნენ და რუსეთთან დიპლომატიური არხების გახსნის მოწოდებით გამოვიდნენ. „მაკრონი ბოლო დღეებში ამტკიცებდა, რომ ამერიკელებსა და რუსებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დისკუსიაში მონაწილეობა მაინც. მელონი მტკიცედ უჭერს მხარს იმ აზრს, რომ ისინი გულუბრყვილოები არ არიან და იციან, თუ რას შეიძლება მიაღწიონ ამ დისკუსიებით. თუმცა, ჩართულობის არარსებობასა და ჩართულობას შორის ბალანსის გათვალისწინებით, ზოგიერთ დედაქალაქში სულ უფრო მეტად აფასებენ ჩართულობის მნიშვნელობას“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ „პოლიტიკოსთან“ საუბრისას.
კურტ უოლკერმა, რომელიც ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს უკრაინის მოლაპარაკებებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს 2008-2009 წლებში ნატო-ში ელჩად მუშაობდა, „პოლიტიკოს“ განუცხადა, რომ ბრიუსელი უფრო თავდაჯერებული უნდა იყოს, თუ მოლაპარაკებებში ჩართვა სურს.
„ცხადია, რომ ტრამპი პუტინთან დიალოგს გააგრძელებს როგორც პირდაპირ, ასევე უიტკოფის მეშვეობით. ამიტომ, თქვენ საკუთარი კომუნიკაცია უნდა გქონდეთ – საქმე ამერიკელებთან და რუსებთან ერთ ოთახში ყოფნას არ ეხება, საქმე ნებისმიერი სახის კომუნიკაციას ეხება“, – განაცხადა უოლკერმა.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, ევროპელმა ლიდერებმა სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის იდეა პირველად გასული წლის მარტში, ევროკავშირის სამიტზე განიხილეს, თუმცა ფართო მხარდაჭერის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ მიღებულა.
„თუ ევროპა დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს, კითხვა ისმის, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი? ვის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული?“, – განაცხადა უოლკერმა.
როგორც „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, მელონის გავლენიანმა მოკავშირემ განაცხადა, რომ თანამდებობა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის უნდა შესთავაზონ. კიდევ ოთხმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპის პოტენციურ წარმომადგენლად ვაშინგტონთან და მოსკოვთან ნებისმიერ მოლაპარაკებებში ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი განიხილებოდა.
ამასთან, ევროკავშირის ორმა წარმომადგენელმა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სპეციალური წარმომადგენლის როლი არ არსებობს და კანდიდატებზე ნებისმიერი საუბარი ნაადრევია.