Politico: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ვაშინგტონს აღიზიანებს

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გაღიზიანებას იწვევს. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, მასალა 14 ადამიანთან - კონგრესმენების თანაშემწეებთან, ყოფილ ამერიკელ და უკრაინელ ჩინოვნიკებთან და ერმაკის ვაშინგტონში მოღვაწეობაში ჩახედულ პირებთან - საუბრის შედეგად არის შექმნილი.

„2022 წელს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ერმაკი ვაშინგტონს რეგულარულად სტუმრობს და ადამიანებს უკრაინის პრეზიდენტის შუამავლად ევლინება. თუმცა ვაშინგტონში ბევრი ფიქრობს, რომ ერმაკი ამერიკულ პოლიტიკაში არ ერკვევა, ის მკვეთრია და ამერიკელ ჩინოვნიკებთან მიმართებაში ძალზედ მომთხოვნი, მას აგრეთვე კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ისტებლიშმენტის შიდა პროცესები არ ესმის“, - ნათქვამია სტატიაში.

რამდენიმე ადამიანმა გამოცემასთან ეჭვი გამოთქვა, რომ ერმაკს ზელენსკიმდე აშშ-ის პოზიცია არასწორად მიჰქონდა. ერთ-ერმა ადამიანმა ერმაკს „ორპარტიული გამღიზიანებელი“ უწოდა.

ივნისის ბოლოს ერმაკმა ვაშინგტონში მორიგი ვიზიტი განახორციელა. აღნიშნული ვიზიტის დროს მას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამართვა უჭირდა.