POLITICO: შოლცი დასასრულთან ახლოსაა - ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მოაწყოს მთავრობის კოლაფსი რომელიც ისეთივე მტკივნეულად ნელი და მიზანმიმართული იქნება, როგორც ამას გერმანია აკეთებს

 ოლაფ შოლცი

შოლცი დასასრულთან ახლოსაა. ორშაბათს დაგეგმილი ნდობის გამოცხადების პროცედურა, თითქმის დადასტურებულია, რომ აუცილებლად გამოიწვევს ვადამდელ არჩევნებს 23 თებერვალს. ამის შესახებ გამოცემა „POLITICO” წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მოაწყოს მთავრობის კოლაფსი, რომელიც ისეთივე მტკივნეულად ნელი და მიზანმიმართული იქნება, როგორც ამას ახლა გერმანია აკეთებს. ორშაბათს გერმანიის პარლამენტში კანცლერ ოლაფ შოლცისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა, რომელშიც ის წააგებს, მხოლოდ ბოლო ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და 23 თებერვალს ვადამდელი არჩევნებით დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მომავალ კვირაში აუცილებლად შეეცდება პროცესები ისე განავითაროს, რომ ცვლილებები შეიტანოს, დიდწილად მაინც პროგნოზირებადია ის, რაც შემდეგ მოხდება. გამოცემის ცნობით, როდესაც შოლცი ორშაბათს გერმანიის ბუნდესტაგის წინაშე წარდგება, ქვეყნის 733 დეპუტატის უმრავლესობა, სავარაუდოდ, მოხსნის ნდობას მემარცხენე ცენტრისტი პოლიტიკოსის მიმართ.

ორშაბათის სესიაზე შოლცმა ჯერ უნდა გააკეთოს 25-წუთიანი განცხადება, რომელშიც უნდა ჩამოაყალიბოს ნდობის გამოცხადების მიზეზები. მის გამოსვლას მოჰყვება საპარლამენტო დებატები, რომელიც გაგრძელდება დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, სანამ დეპუტატები კანცლერის მიმართ ნდობას დაადასტურებენ. ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია რაღაც არაპროგნოზირებადი გააკეთოს, არის AfD, რომელიც ცნობილია მოულოდნელი ტაქტიკური ნაბიჯებით. მისმა ზოგიერთმა კანონმდებელმა უკვე განაცხადა, რომ გეგმავს შოლცის მხარდაჭერას, რადგან შიშობენ, რომ მომავალ კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებიდან (CDU), შეუძლია გერმანია ომში ჩართოს, ვინაიდან იგი უკრაინის უფრო ძლიერი მხარდამჭერია რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე შოლცი. ამის მიუხედავად, „POLITICO“-ს ცნობით, ნებისმიერ შემთხვევაში, „მწვანეების“ საპარლამენტო ჯგუფის ლიდერები, როგორც ჩანს, მზად არიან გაანეიტრალონ ულტრამემარჯვენეთა შესაძლო სიურპრიზები. შესაბამისად, თუ AfD-ის ყველა დეპუტატი და თავად შოლცის საპარლამენტო ჯგუფი მხარს დაუჭერს კანცლერს, ისინი უმრავლესობაში მაინც არ იქნებიან.