POLITICO: იზრდება შეშფოთება, რომ ზელენსკი და მისი გარემოცვა შესაძლოა იყენებდნენ საომარი მდგომარეობის პირობებში მინიჭებულ უფლებამოსილებას ძალაუფლების კონცენტრაციისთვის

უკრაინა

უკრაინის დემოკრატია ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე უცხოელთა უმეტესობა - მათ შორის, ვლადიმირ პუტინი - ფიქრობდა - თუმცა, სრულმასშტაბური შეჭრის მესამე წელს, დაძაბულობა უკვე იწყებს გამოჩენას - მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა ავტორიტარული დიქტატურისგან, როგორიცაა რუსეთი, - წერს გამოცემა POLITICO.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მის ადმინისტრაციას კონტროლს აძლევს საკვანძო ანტიკორუფციულ სააგენტოებზე.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს რადიკალური ნაბიჯი რუსეთის ჩარევის თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო. ოთხშაბათს მან აღნიშნა, რომ „მოისმინა საზოგადოებრივი აზრი“ და პირობა დადო, რომ სიტუაციას ახალი კანონპროექტით გამოასწორებს, რომელიც სააგენტოების დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.

„თუმცა, იზრდება შეშფოთება, რომ ზელენსკი და მისი გარემოცვა შესაძლოა იყენებდნენ საომარი მდგომარეობის პირობებში მინიჭებულ უფლებამოსილებას ძალაუფლების კონცენტრაციისთვის. ეს კი, თავის მხრივ, შიშებს აღძრავს ქვეყნის დემოკრატიულ სანდოობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სტატიაში.

ასევე არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებს მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების მოტივებს სხვა უწყებების საქმიანობაში ჩარევის გასამართლებლად.

მიუხედავად იმისა, რომ აღიარებულია, რომ ეგზისტენციალურ ომში მყოფი ქვეყანა შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს მშვიდობიანი დემოკრატიის ყველა მოთხოვნას, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტოლოგები შიშობენ, რომ ზელენსკის მიდგომა უკრაინას ასუსტებს.