„ხაზიდან მატარებლის მოხსნა გახდა საჭირო...“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის „სადგურის მოედანზე“
1782997835
ევროპელებს სულ უფრო მეტად სურთ, თავდაცვის საკითხებში მხოლოდ საკუთარ თავზე და არა აშშ-ზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუმცა, POLITICO-სთვის გაზიარებული ახალი კვლევის თანახმად, არსებობს სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, არის თუ არა ეს შესაძლებელი.
Public First-ის ივნისის კვლევამ, რომელიც ევროკავშირის 24 ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენა, რომ რესპონდენტთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნისთვის მისაღები იქნებოდა სამხედრო დახმარების კუთხით ევროპაზე დამოკიდებულება, მაშინ როცა მხოლოდ 14 პროცენტია მომხრე, რომ დახმარება მიიღონ ევროპის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნებისგან, მაგალითად, შეერთებული შტატებისგან.
„ევროპელები თავს ნაკლებად დაცულად გრძნობენ და მიაჩნიათ, რომ აშშ ნაკლებად საიმედო პარტნიორია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მათ მზადყოფნა აქვთ, გაუმკლავდნენ იმ მწვავე კომპრომისებს, რასაც უფრო ავტონომიური ევროპული თავდაცვა მოითხოვს - განსაკუთრებით, უფრო მეტი ინვესტიციის საჭიროებას, რომელიც არ იქნება აუცილებლად მიმართული საკუთარი ქვეყნის ფირმებისკენ - ეს კვლავ ღია საკითხად რჩება“, - განაცხადა Public First-ის დირექტორმა, ანანდ მენონმა.
თუმცა, ევროკავშირის მოქალაქეებს შორის აზრები გაიყო ევროპის თავდაცვისუნარიანობის შესახებ - 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის მზადაა მათ დასაცავად, ხოლო 43 პროცენტი ამბობს, რომ - არა.
კიდევ უფრო მეტი ეჭვი არსებობს ეროვნული თავდაცვის საკითხში - რესპონდენტთა 58 პროცენტი თვლის, რომ მათი ქვეყანა არ არის მზად თავის დასაცავად და მხოლოდ 27 პროცენტი ფიქრობს, რომ მზადაა.
ეს კვლევა იმ დროს ტარდება, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ აყენებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის გარანტიებს, იმუქრება დანიის ტერიტორიის - გრენლანდიის - ანექსიით, ამცირებს ნატოსთვის ხელმისაწვდომ ამერიკულ სამხედრო რესურსებს და გაჰყავს სამხედრო ძალების ნაწილი გერმანიიდან.
მიუხედავად აშშ-ის ვალდებულებებთან დაკავშირებული ეჭვებისა, ევროპული ქვეყნების უმეტესობა კვლავ ამერიკისგან ყიდულობს თავდაცვის მთავარ სისტემებს და ეყრდნობა აშშ-ის ისეთ საკვანძო შესაძლებლობებს, როგორიცაა დაზვერვა, კოსმოსური აქტივები და ჰაერში საწვავის შევსება. თუმცა, რესპონდენტთა 46 პროცენტი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვის აღჭურვილობა ადგილობრივად უნდა აწარმოონ, მაშინაც კი, თუ ეს ხარჯების ზრდას გამოიწვევს.
რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების მოსახლეობას, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუმინეთსა და ბულგარეთში, ყველაზე მეტად ეპარებათ ეჭვი გარე დახმარების გარეშე თავის დაცვის შესაძლებლობაში.
18 ქვეყანაში რესპონდენტთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათთვის მისაღებია, მათი ქვეყანა ეყრდნობოდეს ევროპას, რათა უზრუნველყოფილი ჰქონდეს საკმარისად ძლიერი სამხედრო ძალა თავდასხმის მოსაგერიებლად. ფინეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და საბერძნეთი ის ქვეყნებია, სადაც უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ მარტო ბრძოლა.