POLITICO: ევროკომისიამ გამოაცხადა გეგმები ევროკავშირის იმ რეგიონებში ინვესტირების შესახებ, რომლებიც რუსეთს, ბელარუსსა და უკრაინას ესაზღვრებიან და ომის გამო ეკონომიკურად ზარალდებიან

GettyImages

ევროკომისიამ ოთხშაბათს გამოაცხადა გეგმები ევროკავშირის იმ რეგიონებში ინვესტირების შესახებ, რომლებიც რუსეთს, ბელარუსსა და უკრაინას ესაზღვრებიან და ომის გამო ეკონომიკურად ზარალდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ინვესტიციების შემცირებამ, ტვირთბრუნვის კლებამ და ტურიზმის დაცემამ ეკონომიკური დარტყმა მიაყენა ევროკავშირის უკიდურეს აღმოსავლეთ რეგიონებს, რაც ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, ფინეთსა და პოლონეთზე აისახა.

ევროკომისიის სტრატეგია მიზნად ისახავს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის სტიმულის მიცემას, რათა მათ ამ სფეროების დაფინანსება უზრუნველყონ, თუმცა რეალურად ახალი ფულადი რესურსების გამოყოფას არ ითვალისწინებს.

„ყველაზე უსაფრთხო საზღვრები მხოლოდ კონტროლირებადი კი არა, სიცოცხლით სავსე საზღვრებია“, - განაცხადა ნინა რატილაინენმა, ფინეთის ქალაქ ტურკუს საკრებულოსა და ევროპის რეგიონთა კომიტეტის უკრაინის სამუშაო ჯგუფის წევრმა. „ევროკავშირის სასაზღვრო რეგიონებში სამუშაო ადგილების, სუფთა ენერგიისა და განათლების სფეროში ინვესტირება ქმნის ნამდვილი უსაფრთხოების საფუძველს“.

ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ თუ ეს უკიდურესი აღმოსავლეთის რეგიონები დაიცლება, ევროპის უნარი, დაიცვას თავისი საზღვარი, საფრთხის ქვეშ დადგება - განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებაზე უარი თქვა.

ბრიუსელი ასევე შიშობს, რომ ამ რეგიონების მცხოვრებთა ეკონომიკურმა სირთულეებმა შესაძლოა ისინი არჩევნებზე რადიკალური პარტიებისკენ მიაბრუნოს და რუსული პროპაგანდის მიმართ მოწყვლადი გახადოს.