პენტაგონმა თეთრ სახლს ირანის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად 200 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფა სთხოვა - „ვაშინგტონ პოსტი“

პენტაგონი

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, პენტაგონმა თეთრ სახლს ირანის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად 200 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფა სთხოვა.

გამოცემის ცნობით, პენტაგონი ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა დაფინანსების მოთხოვნას განიხილავდა. ეს ვარიანტი კი, „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, სავარაუდოდ კონგრესში სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეს თანხა განკუთვნილია ომში გამოყენებული საბრძოლო მასალისა და შეიარაღების მარაგის სასწრაფოდ შესავსებად. ოფიციალური ცნობები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ირანზე შეტევის პირველ კვირაში აშშ-მა 11 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში კონგრესმა წელს თავდაცვის ხარჯებისთვის რეკორდული, 901 მილიარდი დოლარი დაამტკიცა, თუმცა დონალდ ტრამპის განცხადებით, 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტმა 1,5 ტრილიონ დოლარს უნდა მიაღწიოს.