იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს
1745096287
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა კერძებითა და ნუგბარით ხვდებიან. მაგალითად, ინგლისში, აღდგომის პერიოდში საკონდიტროები შოკოლადის კვერცხებითა და კურდღლებითაა სავსე. ამ დროს თითქმის ყველა ოჯახში სააღდგომო პუდინგსა და ღვეზელს ამზადებენ, რომლებსაც ცუკატებით რთავენ. აღდგომას ინგლისელები ყოველთვის ახალ ტანისამოსს იცვამენ - რათა ცივი სეზონის დასრულება და გაზაფხულის დადგომა აღნიშნონ. ისინი ერთმანეთს სააღდგომო კურდღლის მიერ დატოვებული კვერცხების ძებნაშიც ხშირად ეჯიბრებიან. არგენტინაში აღდგომას პასკუალის ღვეზელით ხვდებიან. „პასკუა“ ესპანურად აღდგომას, ხოლო „პასკუალინა“ აღდგომის დროს ნიშნავს. მის მოსამზადებლად ადგილობრივები ყველს, კარგად მოხარშულ კვერცხს, ისპანახსა და ოხრახუშს იყენებენ. აღსანიშნავია, რომ პასკუალინა ხორცის გარეშე ცხვება. იტალიაში ტრადიციულ სააღდგომო კულიჩს, პანეტონეს ამზადებენ, რომელსაც გამხმარი ხილით, ნუშითა და ქიშმიშით რთავენ. ასევე, აცხობენ ტორტს, რომელსაც გუმბათის ფორმა აქვს და ისპანახის, მარილიან ღვეზელს. პოლონეთში აღდგომას ყველა ოჯახში თეთრ ბორშს იგივე ზურეკს დაგახვედრებენ. ზურეკი ძეხვის, ფქვილის, მოხარშული კვერცხის, სუნელებისა და სხვადასხვა მწვანილებისგან შედგება. პოლონელი დიასახლისები ხუთშაბათ დღეს „ბაბკასა“ და „მაზურკასაც“ აცხობენ. „ბაბკა“ ცილინდრის ფორმის ტკბილი პურია, რომელსაც გულსართად შოკოლადი ან მარციპანი აქვს. „მაზურკა“ ფხვიერი ღვეზელია - მას ძირითადად თხილით, ნუშითა და დაშაქრული ხილით აფორმებენ. პოლონელები აღდგომის სუფრაზე ბედნიერების მომტან 7 სიმბოლოს დებენ - პურს, მარილს, ლორს, ყველს, პირშუშხას, კვერცხსა და დესერტს. საბერძნეთში სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით დარიჩინითა და ფორთოხლის ცედრით გაჯერებულ, ტკბილ, საფუარიან პურს - „ცურექს“. „ცურექის“ შუაში ადგილობრივები ყოველთვის წითელ კვერცხს დებენ. ბერძნები აღდგომას შამფურზე ცხვარს წვავენ და ცხვრის ხორცის წვნიანს, სახელად „მაგირიცას“ ამზადებენ. საფრანგეთში აღდგომას დიდი პოპულარობით შემწვარი ცხვრის ბარკალი სარგებლობს. მის მოსამზადებლად ისინი ცხვრის ბარკალს, ქინძს, კამას, ტარხუნას, ლიმონის წვენს, ზეთს, თეთრ მშრალ ღვინოს, მარილსა და პილპილს იყენებენ. ასევე, ფრანგულ საააღდგომო სუფრაზე დაკეპილი ხორცისა და მოხარშული კვერცხისგან მომზადებულ ღვეზელსაც შეხვდებით. ჩეხეთში სააღდგომოდ აუცილებლად აცხობენ ყულფის ფორმის მქონე ნამცხვარს, სახელად „ჯუდაშეს“. აღსანიშნავია, რომ ეს სახელწოდება იუდას სახელს უკავშირდება, ნამცხვრის ფორმა კი იმ თოკს განასახიერებს, რომლითაც „იუდამ თავი ჩამოიხრჩო“. „ჯუდაშეს“ ზემოდან ცხელ თაფლს უსვამენ. სააღდგომო სუფრაზე ჩეხები აუცილებლად დებენ ტრადიციულ ღვეზელს - „ბისკვიტის ცხვარს“, რომელსაც შაქრის ფხვნილითა და შოკოლადის მინანქრით აფორმებენ. ბულგარეთში სააღდგომოდ ბატკნის შიგნეულის ღვეზელს, „დრობსარმას“ ამზადებენ. ასევე, სუფრაზე აუცილებლად დევს ბოსტნეულის სალათა, წითელი ღვინო, კვერცხები და ტკბილი პასკა- „კოზუნაკი“. გერმანიაში კი აღდგომას შემწვარი ცხვრით, კრავის ფორმის ტკბილი ნამცხვრით, წითელი კვერცხებითა და შოკოლადის კურდღლებით ხვდებიან.