პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სარჩელი შეიტანა გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების წინააღმდეგ, რომელმაც ის მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ალტერნატივა გერმანიისთვის

ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) სარჩელი შეიტანა გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების (BfV) წინააღმდეგ, რომელმაც ის მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება.

პარტიის ლიდერის, ალისა ვაიდელის პრესსპიკერმა, დანიელ ტაპმა დაადასტურა, რომ სარჩელი წარდგენილია კელნის შესაბამის ადმინისტრაციულ სასამართლოში.

გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა. ანგარიში 1 100-ზე მეტ გვერდს მოიცავს.  კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისის ცნობით, ანგარიში შეიცავს მრავალ მტკიცებულებას, რაც ადასტურებს პარტიის ანტიკონსტიტუციურ ხასიათს. ეს არ ნიშნავს, რომ პარტია აკრძალულია, თუმცა სამსახურებს ზედამხედველობის მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს მასზე, რაც შესაძლებელს ხდის შეხვედრების დაკვირვებასა და ტელეფონების მოსმენას.

როგორც მედია წერს, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბოლო დროს პოპულარობა მოიპოვა და პირველად, რეიტინგებში პირველ ადგილსაც კი მიაღწია. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აღნიშნულმა პარტიამ 152 ადგილი მოიპოვა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ჰქონდა და მთავარ ოპოზიციურ ძალად იქცა.