პაკისტანის თავდაცვის მინისტრი: ინდოეთის მხრიდან სამხედრო შემოჭრა გარდაუვალია

ხავაჯა ასიფი

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ ინდოეთის მხრიდან სამხედრო შემოჭრა გარდაუვალია.

22 აპრილს, ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია დაჯგუფება „ლაშქარ-ი-ტაიბასთან“, თავს დაესხა ტურისტების ჯგუფს ქაშმირის სამხრეთით მდებარე ბაისარანის ხეობაში. ინდოეთი თავდასხმას პაკისტანს უკავშირებს. პაკისტანი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს.

„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ძალები, რადგან ეს ახლა გარდაუვალია. ამ ვითარებაში გარკვეული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო და ეს გადაწყვეტილებები მიღებულია“, - აღნიშნა პაკისტანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ინდოეთის რიტორიკა მწვავდება და პაკისტანის სამხედროებმა მთავრობა ინდოეთის თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ გააფრთხილეს.