ომის დასრულება შეიძლება მხოლოდ უკრაინის და ევროპის თანხმობით, უკრაინა თუ წააგებს ამ ომს, შესაძლოა ჩამოიშალოს, ეს გავლენას მოახდენს ევროპის კონტინენტზე - ფრიდრიხ მერცი

მერცი

მსოფლიო ჟენევის მოლაპარაკებების მოლოდინში და ომის დასრულების გეგმა - უკრაინის, ამერიკის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ერთი მაგიდის ირგვლივ უახლოეს საათებში დასხდებიან. დელეგაციები უკვე ჟენევაში არიან. განსახილველია დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც დელეგაციას უხელმძღვანელებს.

ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, 28-პუნქტიანი გეგმის დეტალები, შესაძლოა, შეიცვალოს და სწორედ ამიტომ აწარმოებენ მოლაპარაკებებს მხარეებთან.

ევროპელი ლიდერები კი, მოლაპარაკებების პროცესში ევროპის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ. გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინა ამ ომს თუ წააგებს, ქვეყანა, შესაძლოა, ჩამოიშალოს.

"ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ უკრაინა მისცემს თავის უპირობო თანხმობას. ეს არის ომი, რომლის დასრულება შეიძლება მხოლოდ უკრაინის თანხმობით და ასევე, ჩვენი, ევროპის თანხმობით, რადგან ეს ომი ევროპის კონტინენტზეა. თუ როგორ დასრულდება ომი, ეს გავლენას მოახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე. უკრაინა თუ წააგებს ამ ომს, შესაძლოა, ჩამოიშალოს, ეს კი გავლენას მოახდენს ევროპულ პოლიტიკაზე მთლიანობაში, მთელ ევროპულ კონტინენტზე. სწორედ ამიტომ ვართ ერთგულნი ამ საკითხის მიმართ, რადგან მშვიდობის დამყარების შანსი თუ არსებობს, ეს ასევე გავლენას მოახდენს მთელ ევროპულ კონტინენტზე. მე სწორედ ეს პოზიცია გავაცანი დონალდ ტრამპს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.