1734086254
ოლაფ შოლცი და მარკ რუტე აცხადებენ, რომ NATO-ს ევროპული ნაწილის დაცვა უნდა გაძლიერდეს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თანხმდებიან, რომ ნატო-ს ევროპული ნაწილის დაცვა უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ მათ ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
შოლცის თქმით, პუტინმა ვერ შეძლო NATO-ს ერთიანობის დარღვევა, პირიქით, გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ალიანსი უფრო გააძლიერა.
შოლცმა დღესვე განაცხადა, რომ გერმანია სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტის ნიშნულზე შეინარჩუნებს. შოლცის თქმით, ნატო ისეთი ძლიერი უნდა იყოს, რომ „არავის მოუვიდეს თავში ალიანსზე თავდასხმა“.
თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ მეტი უნდა დააბანდოს თავდაცვაში. მისივე განცხადებით, პუტინი არ შეჩერდება უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ამჟამად ახორციელებს გაძლიერებულ ჰიბრიდულ თავდასხმებს ალიანსის წევრ ქვეყნებზე – უშუალოდ ერევა მათ დემოკრატიებში, აზიანებს სამხედრო მრეწველობას და ახორციელებს ძალადობას.
„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ დაასუსტოს ჩვენი ძალა და დათესოს უთანხმოება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფრონტის ხაზი ამ ომში მხოლოდ უკრაინაზე აღარ გადის. ფრონტის ხაზი სულ უფრო ხშირად სცდება უკრაინის საზღვრებს – ბალტიის რეგიონში, დასავლეთ ევროპაში და თუნდაც კიდევ უფრო ჩრდილოეთით. მაგრამ NATO მზადაა, შეაკავოს და დაიცვას თავი ამ საფრთხეებისგან“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.