1770743848
ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ არ გამორიცხავს ქვეყანაში რუსეთის სამომავლოდ შეჭრის შესაძლებლობას და ასეთი სცენარისთვის ემზადება
ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაური ეირიკ კრისტოფერსენი აცხადებს, რომ ვერ გამორიცხავს ქვეყანაში რუსეთის მიერ მომავალში შეჭრის შესაძლებლობას და ასეთი სცენარისთვის ემზადება.
მისი თქმით, რუსეთმა შესაძლოა, ნორვეგიას უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე რუსული ბირთვული ობიექტების დასაცავად შეუტიოს.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ რუსეთის მიერ ტერიტორიის მიტაცებას, როგორც მისი გეგმის ნაწილს, დაიცვას საკუთარი ბირთვული შესაძლებლობები, რაც ერთადერთია, რაც მას დარჩა და რომელიც რეალურად საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს,“ – განაცხადა ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა.
ამასთან, ეირიკ კრისტოფერსენის თქმით, რუსეთს ნორვეგიაში იგივე აგრესიული მიზნები არ გააჩნია, რაც უკრაინასთან ან სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებთან მიმართებით აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ბირთვული წყალქვეშა ნავები, სახმელეთო რაკეტები და თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია, კოლის ნახევარკუნძულზე, ნორვეგიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
კრისტოფერსენის თქმით, ეს შეიძლება იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნატო-ს წევრ რომელიმე სხვა ქვეყანასთან კონფლიქტში შევა.
„ეს რუსეთისთვის ჯერ კიდევ ვარიანტია, რათა უზრუნველყოს მისი ბირთვული შესაძლებლობების, მეორე დარტყმის შესაძლებლობების დაცვა. ეს სწორედ ის სცენარია, რომლისთვისაც ჩრდილოეთში ვემზადებით,“ – განაცხადა ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა.
„გარდიანთან“ინტერვიუში კრისტოფერსენმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან და ავღანეთთან დაკავშირებული განცხადებები.
„ტრამპის ნათქვამი აზრს მოკლებული იყო და ვიცი, რომ ჩემმა ყველა ამერიკელმა მეგობარმა ავღანეთიდან ეს იცის,“ – აღნიშნა ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, რომელიც თავადაც ავღანეთში მსახურობდა.










