შალვა პაპუაშვილი: აშშ ახლა ხედავს, რომ დღევანდელი ბიუროკრატიის ხელში ევროკავშირი ხელიდან წავიდა, დღეს ევროკავშირი აცდენილია ყველაფერს, რაც კი შეიძლება, ევროპასთან დავაკავშიროთ

 შალვა პაპუაშვილი

ევროპულ კავშირში დღეს მხოლოდ სახელად არის დარჩენილი ევროპა და სხვა მხრივ, მასში სულ უფრო ცოტა რჩება ევროპული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, საუბრობს აშშ, რომელმაც ამ გაერთიანების თავდაპირველი სახით შექმნა უზრუნველყო.

„სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს რეალობაზე, რასაც დღემდე ემალება  ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილი. ერთი ნაწილი უშუალოდ ჩართულია და არის შემოქმედი ამ კრიზისისა. კერძოდ, მათ ევროკავშირი, მშვიდობის პროექტი აქციეს ზეწოლის, მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის გატარების, არარსებული იდეოლოგიების თავს მოხვევის ინსტრუმენტად. დღევანდელი ევროკავშირი, დღევანდელი ბრიუსელის ხელში, აცდენილია ყველაფერს, რაც კი შეიძლება, ევროპასთან დავაკავშიროთ.

ევროპულ კავშირში დღეს მხოლოდ სახელად არის დარჩენილი ევროპა და სხვა მხრივ, ღირებულებებით, ფილოსოფიით, მიზნებით, სამომავლო ხედვით მასში სულ უფრო ცოტა რჩება ევროპული. ამაზე, უპირველეს ყოვლისა, საუბრობს აშშ. სახელმწიფო, რომელმაც ევროპა და მათ შორის ევროკავშირი იმ სახით უზრუნველყო, რომლითაც ის შეიქმნა, გაერთიანება მშვიდობისთვის და ღირებულებებისთვის. აშშ ახლა ხედავს, რომ დღევანდელი ბიუროკრატიის ხელში ევროკავშირი ხელიდან წავიდა. ასევე ჩვენ ეს გვესმის ევროკავშირის შიგნიდან, სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი. ვხედავთ გერმანიაში, საფრანგეთში, სხვა ქვეყნებში სულ უფრო ხმამაღალია ხალხის წინააღმდეგობა ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატიისგან. ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის წინ, დღეს კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დასტურდება. თავის დროზე რასაც ვამბობდით, ეს ყველაფერი იყო სიმართლე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ანა პაულინა ლუნამ განაცხადა: „ევროკავშირი ხშირად სჯის ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ, დროა, ბლოკთან კავშირი გავწყვიტოთ და ცალკეული ერების სუვერენიტეტი აღვადგინოთ“.