ნიუ-იორკის სასამართლომ P. Diddy-ის განაჩენი გამოაცხადა - პატიმრობის გარდა, რეპერს ჯარიმის გადახდაც მოუწევს

 შონ „დიდი“

ნიუ-იორკის სასამართლომ ამერიკელ რეპერსა და პროდიუსერს, P. Diddy-ს (ნამდვილი სახელი - შონ კომბსი) პროსტიტუციის მიზნით პირთა ტრანსპორტირების ბრალდებით 4 წელზე მეტი ხნის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 55 წლის პროდიუსერი ციხეში 50 თვეს გაატარებს და $500 ათასი ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

პროკურატურა კომბსისთვის 11 წელზე მეტ პატიმრობას ითხოვდა, მაშინ როდესაც დაცვის მხარე 14-თვიანი სასჯელის დანიშვნას მოითხოვდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ 11-წლიანი ვადა „არ არის მიზანშეწონილი“ და საბოლოოდ 50-თვიანი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

შონ კომბსი 2024 წლის სექტემბერში ნიუ-იორკის სასამართლოში დააკავეს, მას შემდეგ რაც ნაფიცმა მსაჯულებმა მას ძალადობასა და ადამიანებით ვაჭრობაში წაუყენეს ბრალი.

2025 წლის ივლისში ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ რეპერი დამნაშავედ ცნო პირთა პროსტიტუციის მიზნით ტრანსპორტირების ორ ეპიზოდში. თუმცა, ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ იგი უდანაშაულოა უფრო მძიმე დანაშაულებში - გამოძალვასა და ადამიანებით ვაჭრობაში, რისთვისაც მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.