28 წლის გოგო, რომელმაც ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა
1731680284
Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა, გაერო-ში ირანის მუდმივ წარმომადგენელს, ამირ საიდ ირავანის შეხვდა.
ილონ მასკმა და ამირ საიდ ირავანიმ თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის შემცირების გზები განიხილეს.
ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ორ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
გაზეთის წყაროების ინფორმაციით, შეხვედრა 11 ნოემბერს ნიუ იორკში გაიმართა. მოლაპარაკებები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საიდუმლო ადგილას ჩატარდა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ წყაროებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს.
გამოცემის ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მასკთან შეხვედრამ თეირანს საშუალება მისცა, გამოეყენებინა შემოვლითი გზა, რათა არ შესულიყო პირდაპირ მოლაპარაკებებში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან. ასევე ცნობილი ხდება, რომ საუბრის დროს ირავანიმ მასკს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ნებართვის მოპოვების შემთხვევაში, ბიზნესის ნაწილის ირანში გადატანა შესთავაზა.
ტრამპის წარმომადგენელმა მასკის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ შეხვედრა კერძო ხასიათის იყო. კომენტარზე უარი მასკმაც და გაერო-ში ირანის მისიაში განაცხადეს.
ცნობისთვის, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. ტრამპის ბრძანებით, ერაყში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.