ნეთანიაჰუ: უნდა ჩამოვაყალიბოთ მემარჯვენე, ეროვნული მთავრობა. ისრაელს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენს პარტნიორ პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრას ირანის ეგზისტენციალური საფრთხე

ნეთანიაჰუ

 ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მისი მანდატები მთავრობის დასაკომპლექტებლად არასაკმარისია.

ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების თითქმის 42%. ისრაელის ცესკოს მონაცემებით, ნეთანიაჰუს ბლოკს 57 მანდატი აქვს, ოპოზიციის ლიდერის, გადი აიზენკოტის ბლოკს კი 47. დანარჩენი 16 ადგილი ერგო ბლოკებს მიღმა მყოფ არაბების პოლიტიკურ პარტიებს. ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო იყო 61 მანდატის აღება, რაც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. აღნიშნული მონაცემების მიუხედავად, ორივე ბლოკმა ღამით გამარჯვება იზეიმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა უნდა ჩამოაყალიბოს მემარჯვენე, ეროვნული მთავრობა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობით ირანისგან მომდინარე საფრთხე აღმოფხვრას.

"ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მემარჯვენე, ეროვნული და ძლიერი მთავრობა. სწორედ ეს არის გასაკეთებელი. ისრაელს აქვს უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენს პარტნიორ პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრას ირანის ეგზისტენციალური საფრთხე", - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადი აიზენკოტისგანცხადებით, ისრაელის საზოგადოებამ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, მოქმედმა კოალიციამ კი ხალხის ნდობა დაკარგა და ქვეყანა ახალი პოლიტიკური ეპოქისკენმიდის.

"ჩვენ ისტორია შევქმენით. თქვენს წინაშე აღფრთოვანებული ვდგავარ. დღეს დილით ისრაელის ხალხი რეფერენდუმზე მივიდა. მათ უნდა აერჩიათ ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მომდევნო წლებში გაუძღვება. ამაღამ პასუხი მივიღეთ - საზოგადოებამ ცვლილებები აირჩია. წარუმატებლობის კოალიციამ ხალხის ნდობა დაკარგა. ისრაელი ახალი ეპოქისკენ მიდის", - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გადი აიზენკოტი.

არჩევნების საბოლოო მონაცემები ერთ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.

✕