ნეპალში, ორი უცხოელი ალპინისტი, ამა დაბლამის მთაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა

ნეპალი

ნეპალში, ჰიმალაის მთებში, "ამა დაბლამის" მთაზე ცალკეული ექსპედიციების დროს ორი მთამსვლელი დაიღუპა. მათგან ერთი საფრანგეთიდან და ერთი კი სამხრეთ კორეიდან იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას, 65 წლის ფრანგ ჰუგო ლუსიოს თავში ყინულის ნატეხი მოხვდა და ის ვერტმფრენით კატმანდუში გადაიყვანეს. სამხრეთ კორეელი 66 წლის ჰონგ ჰი პარკი კი, კვირას მთაზე ასვლისას გარდაიცვალა. ის ხუთ სხვა მთამსვლელთან ერთად ადიოდა, როდესაც გონება დაკარგა.

Reuters-ი განმარტავს, რომ "ამა დაბლამი", რომლის სიმაღლე 6,814 მეტრია და სოლუხუმბუს რეგიონში მდებარეობს, პატარა, მაგრამ ტექნიკურად რთული მწვერვალია.

ის პოპულარულია ევერესტის საბაზო ბანაკისკენ მიმავალ მოლაშქრეებში. მაღალი ქედებისა და ციცაბო ფერდობის გამო, ასევე ცნობილია, როგორც "ჰიმალაის მატერჰორნი".