UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
უკრაინამ შეძლო შესაძლებლობების ფანჯრის შექმნა რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება და უკრაინამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
შეკერინსკამ აღნიშნა, რომ უკრაინამ შეძლო „ომის მიმდინარეობის შემოტრიალება“ და ეს ჩანს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე განხორციელებულ დარტყმებშიც.
„ჩვენ ამას ასევე ვხედავთ რუსეთის ქცევის ანალიზით. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი სისუსტეს ხედავენ, სწორედ მაშინ ახორციელებენ დარტყმას. ისინი მიზანში იღებენ სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ დაარტყეს იუნესკოს სიაში შემავალ რელიგიურ ობიექტს. ანუ, ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის მიმართ გამოთქმული ყველა იმ ქება-დიდების შემდეგ, ისინი საბოლოოდ ბომბავენ წმინდა ადგილს. მაგრამ ეს მათი ძალის ნიშანი არ არის. ეს მათი სისუსტის ნიშანია“, - თქვა შეკერინსკამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა იმის წყალობით, რომ უკრაინელებს აქვთ არა მხოლოდ გამბედაობა, არამედ გამომგონებლობაც, გამოცდილება, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, ასევე მათ მიიღეს საჭირო მხარდაჭერა განსაზღვრულ მომენტში.
თუმცა, შეკერინსკამ გააფრთხილა, რომ ეს „შესაძლებლობების ფანჯარა“ დროში შეზღუდულია.
„ასეთი შესაძლებლობების ფანჯრები იქმნება მრავალი მსხვერპლის ფასად, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება. ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მხარი დავუჭიროთ უკრაინას მის პრიორიტეტებში“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.