მსოფლიოს რომელ შადრევანში იყრება ყველაზე მეტი “სურვილის მონეტა” და სად მიდის წყალში შეგროვილი თანხა

ტრევის შადრევაბ

წყალში მონეტების ჩაგდების ტრადიცია 2000 წელზე მეტს ითვლის: ოდესღაც ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ გზით უზენაესი ძალების კურთხევას მიიღებდნენ, მათ დაამშვიდებდნენ ან წარმატების გამო ამ ფორმით ემადლიერებოდნენ. ადამიანების მოლოდინი დღემდე იგივე დარჩა და შადრევნები მთელს მსოფლიოში მეტად დიდი ოდენობის მონეტას აგროვებენ.

Forbes Life-მა მსოფლიოს “უმდიდრესი” შადრევნები შეარჩია და გაარკვია, თუ სად მიდის მათგან ამოღებული მონეტები.

ტრევის შადრევანი, რომი 

რომის ტრევის შადრევანი, დაახლოებით, 300 წლისაა და მასში ყოველდღე 3,000-დან 4,000 ევრომდე ოდენობის სხვადასხვა ნომინალის მონეტა იყრება. ამბობენ, რომ სურვილის ასასრულებლად საჭიროა შადრევანთან ზურგით დადგომა და მარჯვენა ხელით მონეტის მარცხენა მხრიდან გადაგდება. ერთი მონეტის გადაგდება რომში დაბრუნდების, ორი მონეტა სიყვარულის, სამი კი დაქორწინების მომტანია. ეს ლამაზი რიტუალი შადრევანს მონეტების ნაკადით უზრუნველყოფს. შადრევანი ფულისგან ყოველ ღამე იწმინდება, ხოლო შეგროვილი თანხა კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas Italiana-ს გადაეცემა. ორგანიზაცია გაჭირვებულებს, მათ შორის, დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და უსახლკაროებს ეხმარება. Caritas სპეციალურ სასადილოებსა და მაღაზიებს ხსნის, სადაც დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს კვება და სურსათის შეძენა სპეციალური კუპონებით შეუძლიათ. შადრევნის წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 1,5 მლნ ევროა. 2023 წელი რეკორდული იყო, როცა შადრევანში 1,6 მლნ ევრო შეგროვდა.

დისნეილენდის შადრევნები, ორლანდო

მსოფლიოში ყველაზე დიდ გასართობ და დასასვენებელ პარკს 2022 წელს 17 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. ფლორიდაში მდებარე დისნეილენდში სტუმრები მონეტებს ყველგან ტოვებენ. მათ შორის არის პარკების შადრევნები, ფანტაზილენდის არხები და კონკიას ციხესიმაგრის სურვილების ჭა. გამოცემა Orlando Sentinel წერს, რომ 2020 წელსაც კი, როცა გასართობი პარკი დიდი ხნით დაიხურა, შადრევნებიდან 20,000 დოლარი ამოიღეს და ცენტრალური ფლორიდის უსახლკაროთა მხარდაჭერის კოალიციას გადასცეს. 2022 წელს გასართობმა პარკმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ Give Kids the World Village-ს 30,000 დოლარს გადასცემდა. ეს არაკომერციული ორგანიზაციაა და საკურორტო სოფელს წარმოადგენს, სადაც მთელი მსოფლიოდან სერიოზულად დაავადებულ ბავშვებს ოჯახებთან ერთად ერთკვირიანი შვებულებით დასვენება შეუძლიათ.

ბელაჯიოს შადრევანი, ლას-ვეგასი

ლას-ვეგასში ყველაზე ცნობილი და „უმდიდრესი“ ბელაჯიოს (Bellagio) მოცეკვავე შადრევნების კომპლექსია, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს გვერდით, ხელოვნურ კომოს ტბაზე მდებარეობს. მონეტებს სპეციალური მტვერსასრუტით, ეგრეთ წოდებული „წყალქვეშა ზამბონით“ აგროვებენ, რომელიც შადრევნის ძირზე სრიალებს და მთელ ნაგავს ისრუტავს. შადრევნების კომპლექსს რამდენიმე თვეში ერთხელ ასუფთავებენ, ხოლო შეგროვილ მონეტებს ჟანგის მოსაშორებლად პირსახოცებთან ერთად რეცხავენ. გამოცემა Las Vegas Review Journal-ის ცნობით, ბელაჯიოდან გაწმენდილი მონეტები ქველმოქმედებაში მიდის. მაგალითად, 2010 წელს შადრევნების მფლობელმა სასტუმრომ 12,000 დოლარზე მეტი საქველმოქმედო ორგანიზაცია Habitat for Humanity-ს შესწირა, რომელიც გაჭირვებულთა საცხოვრებელ პირობებს აუმჯობესებს. დაივერი, ლონი სინგერი, რომელიც ბელაჯიოს შადრევნებს მართავს, ამბობს, რომ სასტუმრო ქველმოქმედებას ყოველწლიურად 2 ტონა მონეტას სწირავს, თუმცა შეგროვილი თანხის ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია.

ათასწლეულის ცეცხლის შადრევანი, ოტავა

ოტავას პარლამენტის ბორცვის ძირში გაუყინავი შადრევანი ცენტრში დანთებული ალით არის დამონტაჟებული. ცეცხლი პირველად 1966 წელს, კანადის კონფედერაციის 100 წლისთავის აღსანიშნავად დაანთეს. მაშინ ეს დროებითი ატრაქციონი ეგონათ, მაგრამ შადრევანი ისეთი პოპულარული გახდა, რომ პარლამენტის ბორძვზე მრავალი წლის განმავლობაში დარჩა. ყოველ ოთხ თვეში ერთხელ მას პროფილაქტიკა უტარდება. კერძოდ, ითიშება ალის გაზმომარაგება, შადრევანს წყლისგან ცლიან და ფსკერს ნაგვისგან და მონეტებისგან წმენდენ. სორტირების შემდეგ მონეტები ფედერალურ ხაზინაში იგზავნება, რომელიც ყოველწლიურად, დაახლოებით, 6,000 დოლარს Centennial Flame Research Award-ის ბიუჯეტში რიცხავს. ეს პრემია გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მკვლევარის არჩევას მისი ინკლუზიური პროექტის დასაფინანსებლად.

შადრევანი ბრაიანტ პარკში, ნიუ-იორკი

კერძო არაკომერციული ორგანიზაცია Bryant Park Corporation-ის გადაწყვეტილებით, რომელიც Bryant Park-ს მართავს, შადრევნებში ნაპოვნი ყველა მონეტა პარკის შენარჩუნებას ხმარდება. პარკის თანამშრომლები შადრევნებს რამდენიმე კვირაში ერთხელ რეგულარულად ასუფთავებენ. წელიწადში პარკი 3,000-დან 8,000 დოლარამდე ოდენობის მონეტას აგროვებს. ამ მხრივ ყველაზე შემოსავლიანი იანვრიდან მარტამდე პერიოდია, როცა ხალხი პარკში საშობაო ბაზრობაზე დადის, ციგურებზე სრიალებს ან უბრალოდ ფეხით სეირნობს. The New York Times-თან ინტერვიუს დროს Bryant Park Corporation-ის ოპერაციულმა დირექტორმა, ჯერომ ბარტმა განაცხადა, რომ მონეტები შადრევნების დასუფთავების ხარჯს ანაზღაურებს.

წყარო

ასევე ნახეთ:

თუ კვირის ამ დღეს ვალს დააბრუნებთ, შეიძლება ახალი ვალის აღება მოგიწიოთ - კიდევ რას აქცევდნენ ყურადღებას ჩვენი წინაპრები

„შვილი მომიკლეს, კუჭს დაუწყია ლპობა...“ - თურქეთის კლინიკაში გაკეთებული კუჭის ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა