მსხვერპლთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვაზე

გოგანათა სკოლა ირანში

ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად 95 ადამიანი დაშავდა.

ირანის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს, სკოლის შენობა სამჯერ დაიბომბა. „სიენენმა“ შემთხვევის ადგილზე გეოლოკაციური ვიდეო გადაიღო, რომელიც ირანის სამხედრო ბაზიდან დაახლოებით 60 მეტრში მდებარეობს.

ამერიკული ტელეკომპანიის თანახმად, სკოლა ადრე ბაზის ნაწილი იყო, თუმცა თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ ეს ორი ადგილი, სულ მცირე, 2016 წლიდან არის გამოყოფილი.

ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ნადავამ შოშანიმ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  გოგონათა სკოლაზე იერიში ისრაელის ან აშშ-ს სამხედრო ძალებმა მიიტანეს. 

მან ასევე დაამატა, რომ აშშ და ისრაელი ამ ინფორმაციას სწავლობენ.  შოშანიმ აღნიშნა, რომ „ისრაელი ირანში განსაკუთრებული სიზუსტით მოქმედებს“.

28 თებერვალს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სრულად განადგურებული შენობა.

როგორც მინაბის ოლქის პროკურორმა განაცხადა, დაღუპულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან. ასევე დაიღუპნენ სკოლის თანამშრომლები და მშობლები.

ირანის ხელისუფლების ცნობით, ისრაელმა სკოლას 28 თებერვლის დილით დაარტყა.

შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები 28 თებერვალს დაიწყეს და ირანის მასშტაბით სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს. ირანის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი დაიღუპნენ. საპასუხოდ, ირანის ძალებმა ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ბაზებს შეუტიეს.