„მშვიდი, მაგრამ ცოცხალი“ - მომღერალმა კეტი პერიმ კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა

დდ

კომპანია Blue Origin-ის რაკეტის New Shepard-ის მეშვეობით, რომელიც Amazon-ის მფლობელს ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, ქალთა ეკიპაჟი კოსმოსში გაფრინდა. ეკიპაჟის შემადგენლობაში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა - მომღერალი კეტი პერი, ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, CBS-ის წამყვანი გეილ კინგი, NASA-ს ყოფილი თანამშრომელი აიშა ბოუ, საზოგადოებრივი აქტივისტი ამანდა ნგუენი, კინოპროდიუსერი კერიან ფლინი.

რაკეტა New Shepard-ი დილის 8:30 წუთზე აფრინდა. ფრენა დაახლოებით 11 წუთს გაგრძელდა.

ამ პროგრამის ფარგლებში კოსმოსში სულ 52 ადამიანი გაფრინდა. კოსმოსში გაფრენამდე ეკიპაჟის წევრებმა ჟურნალ ELLE-ის ფოტოები გადაიღეს, რომლის დროსაც ხუმრობით აღინიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები კოსმოსში მაკიაჟით მიფრინავენ.

„როგორც იქნა კოსმოსი გლამურული გახდება“, - ხუმრობით აღნიშნა ლორენ სანჩესმა.

როდესაც რაკეტის კაფსულა დედამიწაზე დაეშვა, კეტი პერი და გეილ კინგი დაიხარნენ და მიწას აკოცეს.

„მე ძალიან ვამაყობ ამ შემადგენლობით. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. დედამიწა გამოიყურებოდა ძალიან მშვიდად, მაგრამ ცოცხლად“, - აღნიშნა სანჩესმა.

გეილ კინგის თქმით, ფრენის დროს მისთვის ყველაზე შთამბეჭდავ მომენტად კეტი პერის მიერ შესრულებული ლუი არმსტრონგის სიმღერა „What a Wonderful World" გახდა.

კოსმოსური ტურიზმის სფეროში ბეზოსის მთავარ კონკურენტად ილონ მასკის Space X-ი ითვლება. Falcon 9-მ სტარტი უკვე 469-ჯერ აიღო. New Shepard-მა კი 31.