მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ჯინ ჰეკმანი

ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე ბეტსი არაკავა, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში მდებარე საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს.

სანტა-ფეს ოლქის შერიფის განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში, მათ საცხოვრებელში სანსეტ ტრეილზე. გამოძიება გრძელდება, თუმცა ამ დროისთვის დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება“.

თუმცა, შერიფმა არ დაასახელა მსახიობისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი.

ჰეკმანი 95 წლის იყო, მისი მეუღლე კი – 63-ის.

ჯინ ჰეკმანის კარიერა ექვს ათეულ წელს ითვლის. მას მიღებული აქვს ორი „ოსკარი“, ორი „ბაფტა“, ოთხი „ოქროს გლობუსი“ და მსახიობთა გილდიის ჯილდო.