მოსკოვისთვის იმის თქმა, რას გააკეთებს ან არ გააკეთებს ევროპა, სისუსტის ნიშანია - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

მოსკოვისთვის იმის თქმა, რას გააკეთებს ან არ გააკეთებს ევროპა, სისუსტის ნიშანია, რუსეთის ინფორმირება არასწორია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონმა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპამ პუტინი გაურკვევლობაში უნდა ამყოფოს.

ამასთან, კითხვაზე, უნდა ჩამოაგდონ თუ არა ევროპის ქვეყნებმა მათი საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული სამხედრო თვითმფრინავები, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „შემიძლია, ვთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია. რუსეთი უკრაინაში გაფრთხილების გარეშე შეიჭრა, უკრაინამ კი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ უკვე 2022 წლის გაზაფხულზე ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ ჯარებს არ განალაგებდნენ. არაერთხელ ვუთხარით მოსკოვს, რას არ გავაკეთებთ. ეს სისუსტის ნიშანია“.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ „პუტინი გაურკვევლობაში უნდა ჩააგდონ და შეამცირონ დამოკიდებულება, მათ შორის ამერიკელებზეც“.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ევროპა რუსეთთან დაპირისპირებაშია და სისუსტეს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“.