თბილისში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი
1743233722
მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელი ევგენია გუცული ქვეყნის დატოვების მცდელობისას კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გუცული ანტიკორუფციული უწყების თანამშრომლებმა 72 საათით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მოლდოვის ბიურო ავრცელებს.
ეს ინფორმაცია დაადასტურა მოლდოვის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის პრესსპიკერმა, ანჯელა სტარინსკიმ. მისი თქმით, უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
მედიის ცნობით, მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული. მას პოლიტიკური საქმიანობის უკანონო დაფინანსებასა და 2022 წელს კიშინიოვში გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზებაში სდებენ ბრალს. გუცული ამ მოვლენებთან კავშირს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
გაგაუზიის ლიდერის დაკავებას წინ უძღოდა მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის განცხადება უკანონო დაფინანსების საქმეზე მტკიცებულებების წარდგენის დასრულების შესახებ.
2024 წელს ევგენია გუცული შეიყვანეს აშშ-ისა და ევროკავშირის სასანქციო სიაში. ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ ის და კიდევ რამდენიმე გაგაუზიელი პოლიტიკოსი მოლდოვაში დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს.
ცნობისთვის, გაგაუზია რუსულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეებით დასახლებული ავტონომიური რეგიონია. ამ რეგიონში ტრადიციულად მხარს უჭერენ რუსეთთან დაახლოებას და ეწინააღმდეგებიან მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას.