მოლდოვამ შეძლო თავისი ნებისა და ძალის ჩვენება თითოეული თქვენგანის ხმით, ერი გაერთიანდა და მოქალაქეებმა გაიმარჯვეს - მაია სანდუ

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, აცხადებს, რომ ყველა მოლდოველის პრეზიდენტი იქნება.

როგორც არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას სანდუმ აღნიშნა, მოლდოვამ გაიმარჯვა, ქვეყნის მოქალაქეებმა კი დემოკრატიის ისეთი გაკვეთილი ჩაატარეს, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს.

„მოლდოვამ შეძლო თავისი ნებისა და ძალის ჩვენება თითოეული თქვენგანის ხმით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გაერთიანებულებს შეგვიძლია, დავამარცხოთ ისინი, ვისაც ჩვენი დამცირება სურდა. მოლდოვა მთელი ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნე გახდა: ბინძური ფული, ამომრჩეველთა უკანონო მოსყიდვა, დანაშაულებრივი დაჯგუფებების ჩარევა საარჩევნო პროცესებში, ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილისა და შიშის გავრცელება. თუმცა ჩვენი ერი გაერთიანდა და მოქალაქეებმა გაიმარჯვეს“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მაია სანდუმ ამომრჩევლებს ასევე რუსულ ენაზე მიმართა.

„ძვირფასო მოლდოველებო, მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, ვინც არჩევნებზე მივიდა. მე გავიგონე თქვენი ხმა: ვინც მხარი დამიჭირა და იმათიც, ვინც ბატონ სტოიანოგლოს მისცა ხმა. მე პირობას ვდებ, რომ ყველა თქვენგანის პრეზიდენტი ვიქნები. ღირსეული მომავლის ჩვენს არჩევანში არავინ წააგებს. ჩვენ შესაძლოა, სხვადასხვა შეხედულებები გვქონდეს, სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ, თუმცა ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, ურთიერთგაგება და ღირსეული ცხოვრება ჩვენი შვილებისთვის. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი მოლდოვისთვის უახლოეს წლებში. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება“, – თქვა სანდუმ რუსულად.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხმების 99,86%-ის დათვლის შედეგად, მოქმედ პრეზიდენტს მაია სანდუს ხმა მისცა ამომრჩევლების 55,41%-მა, მის მეტოქეს, მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს ალექსანდრ სტოაინოგლოს, რომელსაც რუსეთში გაქცეული ილან შორისი უჭერს მხარს, – 55,59%-მა. მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიასპორის ხმებით შეძლო. ქვეყნის შიგნით ის მოწინააღმდეგეს ხმების 2,4%-იანი სხვაობით ჩამორჩა. ამასთან, მაია სანდუმ გაიმარჯვა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში, სადაც მას ამომრჩეველთა 57,38%-მა დაუჭირა მხარი.