მოხარული ვარ, რომ ისრაელი კვლავ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიის კონკურსში - ისააკ ჰერცოგი

ისააკ ჰერცოგი

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მსოფლიოს ყველა სცენაზე წარდგენის უფლებას იმსახურებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ჰერცოგმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობისთვის ისრაელის სასარგებლოდ ხმა მისცა.

„მოხარული ვარ, რომ ისრაელი კვლავ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიის კონკურსში და იმედი მაქვს, რომ ეს კონკურსი კვლავ კულტურის, მუსიკის, ერებს შორის მეგობრობისა და საზღვრებს მიღმა კულტურული ურთიერთგაგების დამცველი იქნება. მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც დაიცვა ისრაელის უფლება, გააგრძელოს წვლილის შეტანა და მონაწილეობა ევროვიზიაზე. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს სოლიდარობას, ძმობასა და თანამშრომლობას და აძლიერებს ერებს შორის სიახლოვის სულს კულტურისა და მუსიკის მეშვეობით“, – წერს ისრაელის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ირლანდია, ესპანეთი, სლოვენია და ნიდერლანდები 2026 წლის ევროვიზიის კონკურსს ისრაელის მონაწილეობის გამო ბოიკოტს უცხადებენ.

იქამდე კი ჟენევაში, გენერალურ ასამბლეაზე გამართულ შეხვედრაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროვიზიის კონკურსის წესებში ცვლილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ღონისძიების ნდობის, გამჭვირვალობისა და ნეიტრალიტეტის გაძლიერებას. განცხადების მიხედვით, კენჭისყრა ნიშნავს, რომ EBU-ს ყველა წევრს, რომელსაც სურს 2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა და ეთანხმება ახალი წესების დაცვას, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მასში.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცნობით, კენჭისყრის შემდეგ კონკურსში მონაწილე ქვეყნების მაუწყებლებს ახლა მოეთხოვებათ, დაადასტურონ მონაწილეობა 2026 წლის კონკურსში. მათივე ინფორმაციით, ევროვიზიის რიგით 70-ე კონკურსის მონაწილეთა სრული სია შობამდე გახდება ცნობილი.