მოჰამედ ალაბარი - როდესაც ქვეყანაში საქმიანობას ვიწყებთ, ვასაქმებთ ადგილობრივ მოსახლეობას - არქიტექტორებს, დიზაინერებს, ვიყენებთ ადგილობრივ მასალას, ეს ჩვენთვის წესია, ჩვენი ადგილობრივი ოფისიც ქართველი დიზაინერის მიერ არის შექმნილი და ეკუთვნის საქართველოს

ნოჰსმედ

როგორც წესი, როდესაც ქვეყანაში საქმიანობას ვიწყებთ, ჩვენ ვასაქმებთ ადგილობრივ არქიტექტორებს, ადგილობრივ დიზაინერებსა და მუშახელს, ვიყენებთ ადგილობრივ მასალას, ეს ჩვენთვის წესია, -  ამის შესახებ Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალაბარმა გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მისი თქმით, Eagle Hills-ის საქართველოს ოფისიც სწორედ ქართველი დიზაინერის მიერ არის შექმნილი და ეკუთვნის საქართველოს.

„მე არ მსურს, საქართველოში ავაშენო კარგი ფრანგი არქიტექტორის მიერ შექმნილი შენობა, მიყვარს ფრანგები, ინგლისელები და ამერიკელებიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადგილზე, ადგილობრივებმა უნდა შექმნან შენობა-ნაგებობები. ეს ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია. ჩვენი ადგილობრივი ოფისიც, სწორედ ქართველი დიზაინერის მიერ არის შექმნილი, გაკეთებულია ქართველების მიერ და ის ეკუთვნის საქართველოს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, როდესაც საუბარი ეკონომიკურ განვითარებას ეხება, გასათვალისწინებელია, რომ ეს ძალიან მსხვილი პროექტია, ძალიან დიდი თანხა ბევრ სხვადასხვა წარმოებაში დაიხარჯება -  მშენებლობა, შესაბამისი მასალა, არქიტექტორები, მუშახელი, ინჟინრები.  ამავე დროს ჩვენ ვართ მომსახურების სფეროში, შემოგყავს ტურისტები, ასაქმებ ადგილობრივებს, სასტუმროები ფერმერებისგან ნაწარმს ყიდულობენ. ასე იკვრება წრე. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა, ქართველებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომელსაც ეს ქვეყანა მოსწონს და უყვარს, ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება. შესაძლოა, აქ საცხოვრებლად გადმოსვლაც სურდეთ.  ჩვენ წვლილი შეგვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა ალაბარმა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე, ახალი დასახლებების შექმნაა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მდგრადი პროცესი იქნება.

„ყველაფერი, რასაც შვილებს ვპირდებით, უნდა ავასრულოთ.  პასუხისმგებლობა ჩვენია, რომ ეს ცხოვრება ლამაზი გავხადოთ. მე ამასთან დაკავშირებით მუდამ ვფიქრობ, თუ როგორ შევქმნათ ლამაზი ყოფა, როგორ ვცეთ ადამიანებს პატივი ამ გზით, შევქმნათ ისეთი გარემო მათთვის, რომ მათ შვილებთან და მეგობრებთან ერთად ბედნიერად იცხოვრონ“, - განაცხადა ალაბარმა.