მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი: უკრაინის ნატოში გაწევრიანება ალიანსის სამიტზე არ განიხილება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი:

უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ნატოს სამიტზე არ განიხილება, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამასთან, კრისტოფ ჰოისგენის თქმით, „მხოლოდ ნატოს წევრობა მისცემს უკრაინას მშვიდობის ხანგრძლივ პერსპექტივას“.

ამ თემაზე ჰოისგენმა გერმანულ გამოცემებთან ინტერვიუში ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან შეთანხმებებს იმ ქაღალდის ფასიც კი არ აქვს, რომელზეც ვლადიმერ პუტინი ხელს აწერს. კითხვაზე „რა დარჩება უკრაინისგან ომის შემდეგ“ მან ასეთი პასუხი გასცა: „საერთაშორისო საზოგადოება არ მიიღებს საზღვრების არანაირ შეცვლას“ .

მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინმა „თავისი უპასუხისმგებლო ომით“ გააერთიანა და გააძლიერა ნატო. „ფინეთისა და შვედეთის სახით ალიანსს ორი ახალი ქვეყანა შეუერთდა ძლიერი თავდაცვით“, - აღნიშნა მან.

ნატოს სამიტი ვაშინგტონში, 9-11 ივლისს გაიმართება.