დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს და გააფრთხილა საზოგადოება, რომ ომი, სავარაუდოდ, ყველაზე გადამწყვეტ კვირებსა თუ თვეებში შედის.
ფინეთში, ევროპული არქტიკული სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მერცმა აღნიშნა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ აწარმოებს ომს - ის ჰიბრიდული შეტევებითა და გავლენის ოპერაციებით ევროპულ ქვეყნებსაც იღებს მიზანში.
„დიდი ალბათობით, ჩვენ წინაშეა ყველაზე გადამწყვეტი მომენტები - შესაძლოა კვირები ან თვეები - ჩვენი კონტინენტის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად“, - განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ, შეძლებენ თუ არა ევროპული მთავრობები კიევის მხარდაჭერის გაგრძელებას იმ ფონზე, როდესაც დახმარების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები პოზიციებს იმყარებენ.
კანცლერმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია არგუმენტები დახმარების გაგრძელების წინააღმდეგ და დასძინა, რომ ეს დისკუსია მხოლოდ გერმანიით არ შემოიფარგლება და მთელ ევროკავშირში მიმდინარეობს. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარდაჭერა აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თვითონ ევროპის უსაფრთხოებისთვისაც, და მთავრობებმა სიმტკიცე ომის დასრულებამდე უნდა შეინარჩუნონ.
„თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს, ამას ექნება პროგნოზირებადი და უპრეცედენტო შედეგები ყველასთვის, მათ შორის გერმანიისთვისაც“, - განაგრძო მან. - „სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ვდგავარ აქ ასე მტკიცედ, მკაფიოდ და არ ვაპირებ უკან ერთი სანტიმეტრითაც კი დახევას“.
„ახლა ჩვენი ისტორიული მოვალეობაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ ამ ქვეყანას ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების შენარჩუნებაში“, - დასძინა მან.