შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი პარტნიორებთან ერთად მუშაობს ირანთან საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად საჭირო მიდგომის მოსაძებნად.
მან ასევე გააფრთხილა მხარეები, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის მასშტაბების ზრდასთან ერთად, ქვეყნის ქაოსში ჩაძირვა არ დაუშვან.
მერცმა განაცხადა, რომ გერმანია იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიზნებს - შეჩერდეს თეირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამა, მისი მუქარები ისრაელის მიმართ და მხარდაჭერა „პროქსი“ ჯგუფებისადმი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანელ ხალხს აქვს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება.
„თუმცა, რამდენადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ვრცელდება, ჩვენ ასევე ვხედავთ მზარდ რისკებს“, - განაცხადა მან გავრცელებულ განცხადებაში. „უსასრულო ომი ჩვენს ინტერესებში არ შედის“.
მან აღნიშნა, რომ გერმანია პარტნიორებთან ერთად მუშაობს კონფლიქტის დასრულების საერთო ხედვის ჩამოსაყალიბებლად. „ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს“, - დასძინა მან დეტალების დაზუსტების გარეშე.
მერცმა აღნიშნა, რომ ირანის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა ან ირანის მიწაზე „პროქსი“ კონფლიქტების წარმოება არავის ინტერესებში არ შედის.
„ასეთ სცენარებს შესაძლოა შორსმიმავალი შედეგები ჰქონდეს ევროპისთვის“, - განაცხადა მან. მათ შორის მან დაასახელა ირანელების უკონტროლო მიგრაცია საზღვრებს მიღმა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ქაოსში ჩაიძირება.
„ირანის სახელმწიფო უნდა დარჩეს ფუნქციონირებადი, ასევე შენარჩუნებული უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და საბაზისო მომსახურებები. ირანის ეკონომიკა არ უნდა ჩამოიშალოს“, - აღნიშნა მერცმა.
მერცმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთანავე რეგიონში უნდა დაიწყოს დიალოგისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკური პროცესი.