მედიის ცნობით, სირიაში დრუზებსა და სუნიტებს შორის შეტაკებების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა

დრუზებსა და სუნიტებს შორის შეტაკებები

სირიაში დრუზებსა და სუნიტებს შორის შეტაკებების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა. როგორც სირიელი ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, შეტაკება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სუვეიდასთან მოხდა. დაღუპულებს შორის 27 დრუზი, მათ შორის ბავშვები და ათი ბედუინია.

მომხდარის გამო გადაკეტილია დამასკო-სუვეიდას საავტომობილო გზატკეცილი. სირიის ხელისუფლებამ კონფლიქტის განმუხტვის მიზნით საბრძოლო მოქმედებების ზონაში სამხედრო ძალები გააგზავნა.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი და დაშავდა 100-მდე პირი.

სირიის სახელმწიფო სააგენტო იუწყება, რომ არსებული სიტუაციის გამო უსაფრთხოების ძალები განალაგეს დარაასა და სუვეიდას პროვინციების ადმინისტრაციულ საზღვარზე. ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, „თავშეკავება გამოიჩინონ და გამოეხმაურონ ეროვნული რეფორმებისკენ მოწოდებას“.

მოქალაქეებს თავშეკავებისგან მოუწოდეს დრუზების სულიერი ლიდერების ნაწილმაც. მათ ასევე მოითხოვეს დამასკოსგან, ჩაერიონ არსებულ ვითარებაში. ძალადობის შემთხვევების გამო სირიის განათლების სამინისტრომ სივეიდაში სასკოლო გამოცდები გადადო.

ბედუინები და დრუზები სუვეიდაში დიდი ხანია, უპირსპირდებიან ერთმანეთს. როგორც მედია იუწყება, ბოლოს დრუზებსა და სირიის ხელისუფლების სამხედრო ძალებს შორის შეტაკება აპრილ-მაისში მოხდა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე 700 000 დრუზი ცხოვრობდა. ამ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების უმრავლესობა  ცხოვრობს პროვინციაში, რომლის ცენტრიც ქალაქი სუვეიდაა.