გიორგი ვარდოსანიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1752515688
მოლდოვამ უარი განაცხადა, გაეტარებინა რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელები, რომლებიც საქართველოს საზღვართან ჩარჩნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩა და იძულებულია, სარდაფში იცხოვროს ქუჩაში გასვლის უფლების გარეშე, რადგან მათ მოლდოვის გავლით გზის გაგრძელების საშუალება არ აქვთ. მათ შორის არიან როგორც ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინული ციხეებიდან რუსეთის კოლონიებში გაიყვანა, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებნი. რუსეთში დაბრუნება მათ აკრძალული აქვთ, მაგრამ ისინი გზას ვეღარ აგრძელებენ.
ერთადერთი გამოსავალი უკრაინაში დაბრუნებაა საქართველოსა და მოლდოვის გავლით. მაგრამ ივლისის დასაწყისიდან ეს მარშრუტიც ჩაკეტილი აღმოჩნდა, როგორც ამას უფლებადამცველები ამბობენ.
„ჩვენთან ჯოჯოხეთი არ მთავრდება. არავის უნდა ჩვენი არც შეშვება და არც გაშვება. ჩვენ ახლაც სარდაფში ვიმყოფებით“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი, ვინც აღნიშნულ სარდაფში ცხოვრობს.
ის უკვე თითქმის, ერთი თვეა, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე, ქართულ გამშვებ პუნქტ „დარიალთან“ ცხოვრობს.
როგორც BBC წერს, რუსულ პუნქტ „ზემო ლარსსა“ და ქართულ მხარეს განთავსებულ გამშვებ პუნქტ „დარიალს“ შორის, საზღვრისპირა სასარდაფო სათავსოში ჩარჩენილები არიან რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები, მათი უმეტესობა რუსული ციხეებიდან გათავისუფლებული ყოფილი პატიმრები არიან. ბევრ მათგანს არ აქვს მოქმედი დოკუმენტები. სარდაფში ხალხი სულ უფრო მატულობს.
ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ იქ მუდმივად მიჰყავთ უკრაინელები, მაგრამ ისინი შემდეგ აღარსად გადაჰყავთ.
„ივნისში ამ მარშრუტით სარდაფიდან დაახლოებით 30 ადამიანი გავიდა. მას შემდეგ, რაც მათი უკრაინის მოქალაქეობა დადასტურდა, საქართველომ ისინი ტრანზიტით გაატარა. ისინი დაცვის თანხლებით თბილისის აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც კიშინიოვში გაფრინდნენ, შემდეგ კი ავტობუსით ოდესაში ჩავიდნენ“, - აცხადებს ის.
მაგრამ როგორც გამოცემა იუწყება, შემდეგ სამკაციანი ჯგუფის გამგზავრებამდე მიიღეს შეტყობინება, რომ ისინი ვერსად გაფრინდებიან და მოლდოვამ მათ გატარებაზე უარი განაცხადა.
ორგანიზაცია „უკრაინის პატიმრების დაცვის“ იურისტის განცხადებით, ამის მიზეზი „თეთრი პასპორტების“ ოთხი მფლობელი გახდა. აღნიშნული პასპორტები უკრაინის საელჩოს მიერ არის გაცემული, რომლებიც უკრაინაში დაბრუნების უფლებას იძლევა. ეს ადამიანები გავიდნენ საქართველოდან, მაგრამ ოდესამდე არ ჩასულან.
„ადამიანებს, რომლებიც მოლდოვაში ჩაფრინდნენ, სვამდნენ პოლიციის ავტობუსში, მაგრამ შემდეგ ისინი თვითონ მიემგზავრებოდნენ. ზოგმა ბოლომდე ვერ ჩააღწია. ეს იყო პრობლემა. მათ არ ჰქონდათ მოლდოვაში დარჩენის უფლება. მათ არ აქვთ დოკუმენტები, გარდა იმ საბუთებისა, რომლებიც უკრაინაში დაბრუნების უფლებას აძლევთ“, - აცხადებს იურისტი.
ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია, მაგრამ როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, თბილისში უკრაინის საკონსულო მოლდოვის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
BBC ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოლდოვას სასაზღვრო პოლიციას სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის გამოცემის კითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.