მედიის ცნობით, აშშ-ირანის შეთანხმების საბოლოო პროექტი შესაძლოა, რამდენიმე საათში გამოცხადდეს

აშშ ირანი

პაკისტანის შუამავლობით მიღწეული აშშ-ირანის შეთანხმების საბოლოო პროექტი შესაძლოა, რამდენიმე საათში გამოცხადდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-არაბია“ ავრცელებს.

გამოცემა ასევე აქვეყნებს მიღწეული შეთანხმების ძირითად პუნქტებს: 1. დაუყოვნებლივი, ყოვლისმომცველი, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ფრონტებზე; 2. ორმხრივი ვალდებულება, არ მოხდეს სამხედრო, სამოქალაქო ან ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვა; 3. სამხედრო ოპერაციების დასრულება და მედიაომის შეჩერება; 4. ვალდებულებები სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პატივისცემის შესახებ; 5. ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფა არაბეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესა და ომანის ყურეში; 6. ერთობლივი მექანიზმი განხორციელების და დავების გადაჭრის მონიტორინგისთვის; 7. მოლაპარაკებები გადაუჭრელ საკითხებზე შვიდი დღის განმავლობაში დაიწყება; 8. აშშ-ის სანქციების თანდათანობითი მოხსნა ირანის მიერ შეთანხმების პირობებისადმი დაცვის სანაცვლოდ; 9. შეთანხმების პროექტი ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დაცვას; 10. შეთანხმება ძალაში შევა ორივე მხარის მიერ ოფიციალურად გამოცხადებისთანავე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებებში „კარგი ნიშნები“ შეინიშნება, თუმცა გამოსავალი ვერ იქნება, თუ თეირანი სრუტეში გადასახადის სისტემას დააწესებს.

„არსებობს რამდენიმე კარგი ნიშანი. არ მინდა, ზედმეტად ოპტიმისტური ვიყო. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადა რუბიომ.