მედია: ანექსირებული ყირიმის შესახებ კითხვის უპასუხოდ დატოვების გამო, ლიეტუვის კულტურის მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს

იგნოტას ადომავიჩიუს

ანექსირებული ყირიმის შესახებ კითხვის უპასუხოდ დატოვების გამო, ლიეტუვის კულტურის მინისტრმა, იგნოტას ადომავიჩიუსმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თანამდებობის დატოვება მას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინენემ მოსთხოვა.

ადომავიჩიუსის განცხადებით, ამას აკეთებს არა საკუთარი შეცდომების, არამედ გარე ზეწოლის გამო, რაც საფრთხეს უქმნის მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

„დღეს ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, საზოგადოების გათვალისწინებით, რომ არ გავანადგურო მთავრობა, არამედ დავეხმარო მას თავისი საქმიანობის გაგრძელებაში, ვტოვებ კულტურის მინისტრის თანამდებობას. მალე ჩემს განცხადებას ინგა რუგინენეს გადავცემ“, – განაცხადა ადომავიჩიუსმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის კულტურის მინისტრმა, იგნოტას ადომავიჩუსმა არ უპასუხა კითხვას, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი.

ადგილობრივი მედიის თანახმად, კითხვაზე, ვის ეკუთვნის ყირიმი, ლიეტუვის კულტურის მინისტრმა დუმილი შეინარჩუნა, შემდეგ კი ჟურნალისტს სთხოვა, საერთოდ არ შეხებოდა ამ თემას. როგორც მედია წერს, ადომავიჩიუსის პოსტზე დანიშვნამ თავიდანვე გამოიწვია კულტურის სფეროს წარმომადგენლების უკმაყოფილება, რადგან მას არანაირი კავშირი არ  აქვს კულტურულ სექტორთან, გარდა იმისა, რომ დაამთავრა ეროვნული სამხატვრო სკოლა.