მარკო რუბიომ უკრაინის საკითხზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

ჰი

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან, რა დროსაც სტამბულში მოსალოდნელი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა თურქეთს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების მასპინძლობასა და შუამავლობისთვის და შესაძლო დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ფიდანმა და რუბიომ ნატოს მოახლოებული არაფორმალური სამიტი განიხილეს, რომელიც ანტალიაში გაიმართება. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს ამერიკა-თურქეთის სავაჭრო და თავდაცვითი ურთიერთობების გაძლიერებაზე.